„დალას მავერიკსმა“ 3 დღის წინ 12 ქულით დაამარცხა „პორტლენდი“, დღეს, გამთენიისას კი ამ გუნდს სტუმრად შეხვდა და 103:109 წააგო. ზაზა ფაჩულიას არც ტრავმა აწუხებდა და არც კლუბს გამოუცხადებია მატჩამდე, რომ მას ასვენებდა. სასტარტო ხუთეულში თამაში ტუნისელმა ცენტრმა სალაჰ მეჯრიმ დაიწყო და ისე დაასრულა, ქართველი კალათბურთელი მოედანზე არ გამოჩენილა.
აფრიკელმა ცენტრმა 30 წუთი ითამაშა და ორმაგ დუბლს უწია – თავი 14 ქულასა და 12 მოხსნას მოუყარა. 22 ქულა მოაგროვა ყოფილმა პორტლენდელმა ვესლი მეთიუზმა, ხოლო დირკ ნოვიცკის ანგარიშზე 21 ქულა დაგროვდა. ორმაგი დუბლი მიითვალა დერონ უილიამსმა - 12 ქულა, 11 პასი. გამარჯვებულებს 27 ქულით დამიან ლილარდმა ულიდერა.
რაც შეეხება მატჩს, დალასელებმა პირველი ტაიმი სოლიდურად ჩაატარეს, თუმცა მესამე მეოთხედში მოდუნდნენ და მასპინძელთა ლიდერობამ 10 ქულას გადააჭარბა. ბოლო პერიოდში 15 ქულით ჩამორჩენილმა დალასელებმა დასკვნით წუთებში შედეგიანად ითამაშეს და ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირეს, მაგრამ ბოლო წამებზე პორტლენდელებმა დალასელთა ტაქტიკური ჯარიმები ქულებად აქციეს და გამარჯვებას მიაღწიეს.
35 მოგებითა და 36 მარცხით „დალასი“ ანალოგიური შედეგის მქონე „იუტასთან“ დასავლეთ კონფერენციის 7-8 ადგილებს იყოფს. „ჰიუსტონმა“ კი, რომელსაც 35 მოგება და 37 მარცხი აქვს, საპლეიოფო ზონა დატოვა, თუმცა იქ მოსახვედრად ბოლომდე იბრძოლებს, რაც რეგულარული ჩემპიონატის დასკვნით ფაზაში ქომაგებს დიდ ბრძოლებს უქადის. მომდევნო მატჩს „დალასი“ 26 მარტს ლიგის ლიდერ „გოლდენ სტეიტთან“, ოკლენდში გამართავს.
www.gbf.ge