საქართველოს სამგზის ჩემპიონი ქუთაისის “ტორპედო” მშობლიურ ქალაქში ბრუნდება. მოგეხსენებათ, იმერული გუნდი მეორე წრის საშინაო თამაშებს მარტვილსა და ზესტაფონში ატარებდა, რადგან ქუთაისის “რამაზ შენგელიას” სტადიონზე მინდვრის საფარის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა. როგორც “ტორპედოს” ვებგვერდი გვამცნობს, მინდვრის საფარის აღდგენა თითქმის დასრულებულია და “ტორპედო” საჩხერის “ჩიხურას” 2 აპრილს, “რამაზ შენგელიაზე” დაუხვდება.
“2 აპრილს, “ჩიხურასთან” აუცილებლად შინ ვეთამაშებით და ამ მატჩმადე ორ ვარჯიშსაც ამ მოედანზე ჩავატარებთ. კოსმეტიკური სამუშაოები უტარდება ტრიბუნებს, ლოჟას, გასახდელებს. მინდორზე ახალი ბალახი წამოიზარდა, ერთ კვირაში მოხდება გაზონის გაკრეჭვა.
მატჩების შუალედებშიც არ დავაკლებთ საფარს მოვლას. რაც შეეხება მინდვრის სრულ კონდიციამდე მიყვანას, ეს ჩემპიონატის დასრულებისთანავე, ბალახის მეორედ შეთესვის შემდეგ, ზაფხულში მოხდება. მომდევნო ეროვნულ ჩემპიონატს, რომელიც განახლებული ფორმატით ჩატარდება, მომზადებულნი უნდა შევხვდეთ”, - უთხრა “ტორპედოს” პრეზიდენტმა თემურ ჩეჩელაშვილმა კლუბის ვებგვერდს.
ამასთან, ჩეჩელაშვილმა ქუთაისური გუნდის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა:
“გუნდში ცვლილებებს ვგეგმავთ, თუმცა ამ ეტაპისგან კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ”, - განაცხადა მან.
გარდა ამისა, “ტორპედომ” ორი ირანელი ფეხბურთელი, საიედ ჰოსეინ ჰოსეინი და შოებ ამირი დაიმატა, რომლებიც ქუთაისში მაისის თვემდე დარჩებიან. თუ ამ პერიოდში თავს კარგად წარმოაჩენენ, კლუბი მათთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს.
“მათთან კონტრაქტი მაისის თვემდე გავაფორმეთ. ორივე ფეხბურთელს თავისი ქვეყნის უმაღლესი ლიგის კლუბებში უთამაშია, ერთს ირანის ნაკრებშიც. გამოცდილება არ აკლიათ და ვანახავთ, ორ თვეში სამწვრთნელო შტაბს თავს თუ მოაწონებენ, ხელშეკრულების გაგრძელებაზე ვიფიქრებთ. მანამდე ჩვენ, მათზე მხოლოდ კვებისა და ბაზაზე ცხოვრების ხარჯებს გავიღებთ”, - თქვა ჩეჩელაშვილმა.
28 წლის შოები პოზიციით ნახევარმცველია და “პაიკანსა” და “საიპაში” უთამაშია, ხოლო ჰოსეინმა 27 წლის ასაკამდე “რაჰ აჰანში”, “საიპასი”, “მაჩინე საზში” და “პაიკანში” მოასწრო თამაში. იგი მარცხენა მცველია.