რუმინეთის სახელბურთო ჩემპიონატზე, რეგულარული სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, პლეიოფში გასვლა გაინაღდა ქართველი ხელბურთელების სამივე კლუბმა. ბოლოს ეს გააკეთა ეროვნული ნაკრების მეკარის, შოთა თევზაძის რეშიცამ, ვინც ბოლოსწინა ტურში 27-26 მოუგო პლოეშტის.
რეშიცამ 39 ქულა დააგროვა, მეოთხედფინალის საგზური დაიბევა და ორწრიან ტურნირს ნებისმიერ შემთხვევაში მე-7 ადგილზე დაასრულებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მეოთხედფინალში შეხვდება ერთ-ერთ გრანდს, ან ბუქარესტის დინამოს ან CSM ბუქარესტს. ქართველი მეკარის კლუბს ბოლო მატჩი 27 მარტს აქვს შარშანდელ ჩემპიონ ბაია მარესთან, რომელიც მე-9 ადგილზეა და პლეიოფს მიღმა დარჩენა ემუქრება.
მესამე ადგილზეა ვლადიმერ რუსიას ოდორჰეი შეკუიეცი. 25-ე ტურში ოდორჰეიმ შინ ფრედ, 27-27 ითამაშა უახლოეს მდევარ სტიაუასთან და სწორედ ამ ქულით გაინაღდა მესამე პოზიციაზე დარჩენა. ვლადიმერ რუსიამ, რომელმაც სეზონის დიდი ნაწილი გამოტოვა, ამ თამაშში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 6 გოლით, მასზე შედეგიანი იყო მხოლოდ ანდრეი მიხალჩა 8 (4 - შვიდმეტრიანით), ხოლო სეზონში კლუბის საუკეთესო მეგოლეა სერბი მიტარ მარკეზი - 154 გოლი. რუსიას 15 მატჩში 56 აქვს გატანილი.
არაა გამორიცხული, მეოთხედფინალში ოდორჰეის მეტოქე გახდეს ირაკლი ჩიქოვანის კლუბი, პოლიტექიკა ტიმიშოარა. ამ გუნდის 25-ე ტურის მატჩზე უკვე გესაუბრეთ წინა მიმოხილვაში - ტიმიშოარა, ზედიზედ 7 მოგების შემდეგ, დამარცხდა ბუქარესტის დინამოსთან 28-32, ხოლო ჩიქოვანმა ხუთჯერ გაიტანა და სეზონში 139 გოლი დაუგროვდა. პოლიტექნიკა ახლა 47 ქულით მეხუთე ადგილზეა. ბოლო ტურში „ქართული დერბია“, ტიმიშოარა-ოდორჰეი და თუ სტუმრებმა მოიგეს, არაა გამორიცხული, ჩიქოვანის გუნდი მეხუთე ადგილამდე ჩამოქვეითდეს და სწორედ რუსიას კლუბს დაუწყვილდეს მეოთხედფინალში, თუმცა, ისიც შეიძლება, რომ პოლიმ მეოთხე ადგილი ჩამოართვას სტიაუას, მასვე შეხვდეს პლეიოფის პირველ წრეში და გადამწყვეტი მატჩში შინ თამაშის უპირატესობაც მოიპოვოს.
ხელბურთი. რუმინეთის ჩემპიონატი. 25 ტურის შემდეგ. დინამო ბუქარესტი 62 ქულა, ბუქარესტი 59, ოდორჰეი 53, სტიაუა 48, ტიმიშოარა 47, ტურდა 44, რეშიცა 39, კელერაში 35 -- ბაია მარე 33, ვასლუი 29, ტარგუ ჟიუ 29, პლოეშტი 18, ფოჩანი 13, გალაცი 1
მაკედონიაში რეგულარული სეზონის დასრულებამდე 2 ტურია. მე-16 ტურში რევაზ ჭანტურიას კლუბმა, პელისტერმა შინ 33-25 დაამარცხა რადოვიში და ათგუნდიან ტურნირში მე-9 ადგილიდან მეექვსეზე გადავიდა 18 ქულით. აქ რეგულარულის შემდეგ ტურნირი ორად იყოფა - საუკეთესო ოთხეულს დაემატება სკოპიეს ვარდარი და ჭანტურიას ყოფილი კლუბი სტრუმიცა და ეს ექვსეული ორ წრედ ჩემპიონობისთვის ითმაშებს. დანარჩენი 6 გუნდი ბრძოლას გააგრძელებს პლეიაუტში, ანუ ლიგაში დასარჩენად.
მაკედონია. 16 ტურის შემდეგ. მეტალურგი 28 ქულა, ოხრიდი 36, რაბოტნიჩკი 33, პრილეპი 30 -- ვარდარი (ახალგაზრდული) 21, პელისტერი 18, პროლეტი 18, რადოვიში 18, ბორეცი 16, მეტალურგ-2 – 1 ქულა