გიორგი შერმადინის “მორაბანკ ანდორამ” ესპანეთის ჩემპიონატში “მანრესას” სტუმრად 74:61 სძლია და საპლეიოფო ზონამდე ჩამორჩენა ერთ მოგებამდე დაიყვანა.
გასულ შეხვედრაში ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 18:55 წუთში კი 6 ქულა და 5 მოხსნა (2 შეტევაში) მოაგროვა.
შერმადინმა 2-დან 1 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთბაშად 6-ჯერ დაირღვა.
გიორგის სარგებლიანობის კოეფიციენტი 13 გახლდათ და ის თანაგუნდელთა შორის მხოლოდ მაკედონიელ ვოიდან სტოიანოვსკის ჩამორჩა, რომელმაც თამაში 15 ქულით დაასრულა.
“მორაბანკ ანდორა” 11 მოგებით და 13 მარცხით მე-10 საფეხურზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 26 მარტს, შინ, მეექვსეადგილოსან “ფუენლაბრადასთან” ჩაატარებს.