საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის ჯგუფში მეორე თამაშიც წააგო და ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი გადაიწურა. არადა, ბოსნიასთან გამართულ მატჩთან შედარებით, ვასილ მაისურაძის გუნდმა უკეთ ითამაშა და ეს უფრო პირველ ტაიმზე ითქმის, რომელიც სრულიად ალოგიკურად წააგეს.
კუთხური დაინიშნა და ჩაწოდებულ ბურთზე სწორი პოზიცია შეარჩია გრულევმა, რომლის თავურიც აუღებელი გამოდგა: მეკარე ლუკა გუგეშაშვილი ცენტრში იდგა, მცველი დავით კიკალიშვილი კეტავდა ახლო ძელს და გრულევმა ისე დაარტყა, მცველი ვერაფერს იზამდა. ასე, როგორც იტყვიან, გასახდელში გაგვატანეს გოლი რუსებმა.
მაისურაძემ წინა თამაშის შემდეგ ერთი შეცვლა მოახდინა სასტარტოში: ნიკა ნინუას ნაცვლად ზურაბ დავითაშვილი დააყენა და ეს ლოგიკურიც იყო ბოსნიასთან შეხვედრიდან გამომდინარე. ქართველებმა აქტიურად დაიწყეს და მე-4 წუთზე რუსთა მეკარე კოსარევსკიმ გადაარჩინა თავისიანები, როცა ლევან ხარაბაძის ახლოდან დარტყმული კუთხურზე გადააგდო. მალევე, ბექა ქავთარაძეს ჰქონდა მომენტი, საჯარიმოში ფინტით დააწვინა მცველი, დაარტყა და ისევ კოსარევსკიმ იყოჩაღა – ფეხით მოიგერია.
მოედნის ცენტრში ქართველებს ჰქონდათ უპირატესობა, კუცია და შეწირული კარგად თამაშობდნენ, ფლანგებიდანაც კარგად ერთვებოდნენ ხარაბაძე და კიკალიშვილი. აქტიურები იყვნენ დავითაშვილი და ფორვარდი გიორგი ივანიაძე, თუმცა აი, როცა ბოლო დარტყმაზე, ან ბოლო მწვავე პასზე მივიდოდა საქმე, იქ წუნი იჩენდა თავს.
შესვენებამდე რუსების ერთადერთი შანსი (გოლის გარდა) საჯარიმო დარტყმა იყო და ლუკა გუგეშაშვილმა მოიგერია რუდენკოს დარტყმული.
ტაიმის ბოლომდე გაგრძელდა ქართველთა აქტიურობა და ივანიაძეს შეეძლო გატანა, როცა ხელსაყრელი პოზიციიდან არაზუსტად დაარტყა – თავზე უგდებდა ბურთს მეკარეს. მალევე, ქავთარაძის საშუალო მანძილიდან დარტყმული ვნახეთ, ოდნავ არაზუსტი რომ გამოდგა.
მეორე ნახევარში უფრო აქტიურად ჩაერთვნენ შეტევებში კუცია და შეწირული. ისინი საყრდენებად კი თამაშობდნენ, მაგრამ შეტევებისთვის სულ იცლიდნენ. ეს უფრო კუციაზე ითქმის, რომელიც ყველაზე მეტად ამწვავებდა თამაშს.
რამდენჯერ იყო მომენტი, როცა ერთი კონკრეტული ქართველი ფეხბურთელი საჯარიმოს ხაზთან, ან უფრო შიგნით იყო დასარტყმელ პოზიციაში, მაგრამ ბურთს კარგავდა. საკვირველია, ერთხელ მაინც როგორ ვერ მოახერხეს დაგვირგვინება. შემდეგ ისე აცუდებდნენ შეტევებს, დაგენანებოდა... გასაგებია, თითქმის სულ რუსების ნახევარზე მიდიოდა თამაში, მაგრამ ეს არ კმარა.
გამოსარჩევი იყო შეწირულის დარტყმული, მეკარემ გაჭირვებით რომ მოიგერია. ლაშა ოზბეთელაშვილის მომენტი, როცა დარტყმა დაახანა და ბურთი ააცალეს. ასევე, კუციას შორიდან ჩახვეული ოდნავ ასცდა კარს და ბოლოს, ნინუას შანსი, როცა შეცვლაზე შესულმა ნახევარმცველმა სუსტად დაარტყა.
ისე, მეორე ნახევარში რუსებსაც ჰქონდათ შანსები (კონტრშეტევებზე), განსაკუთრებით კი სულეიმანოვს, როცა ახლოდან კარს გადააცილა ბურთი, კიდევ, რუდენკომ ვერ დაარტყა კარგად და გუგეშაშვილი დაეუფლა ბურთს.
მეორე ტაიმში ვეღარ იაქტიურეს დავითაშვილმა და ქავთარაძემ. ჩაკვეტაძისგან კვლავ მეტს ველოდით, მაგრამ საკუთარ თავზე თამაშის აღებას ერიდებოდა. საჭირო იყო ერთი გამორჩეული ინდივიდუალისტი, რომელიც ამ ნაკრებს არ ჰყავს – წინა ასაკობრივ ნაკრებებში ასეთები იყვნენ, თუნდაც ბაჩანა არაბული, გიორგი პაპუნაშვილი და გიორგი აბურჯანია, ლუკა ზარანდია, გიორგი არაბიძე...
ეტყობა, მაისურაძესაც არ ეყო დრო ფეხბურთელების უკეთ გასაცნობად და თამაშის დასალაგებლად, თორემ ამ მწვრთნელს როგორი 17-წლამდელთა ნაკრები ჰყავდა ოთხი წლის წინ, ყველას გვახსოვს. ამჯერად კი გუნდური თამაში აშკარად მოიკოჭლებდა და ცალკე ვთქვით ინდივიდუალისტების არყოფნაზეც.
17-წლამდელები. ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდი.
რუსეთი – საქართველო 1:0 (1:0)
რუსეთი: კოსარევსკი, ზახაროვი, ბოროდინი (ლუკიანჩიკოვი 15), გულუბევი, უტკინი, გორბულინი, ვოლოდკინი, სულეიმანოვი, რუდენკო, ლაცევიჩი (იგნატიევი 74), გრულევი (პაცევი 41)
მწვრთნელი: სერგეი მატვეევი
საქართველო: გუგეშაშვილი, კიკალიშვილი, ქაფიანიძე, კასრელიშვილი, ხარაბაძე, კუცია, შეწირული, ჩაკვეტაძე, დავითაშვილი (ნინუა 71), ქავთარაძე (ოზბეთელაშვილი 62), ივანიაძე (სპანდერაშვილი 55)
მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე
გოლი: 1:0 გრულევი (40+1)
გაფრთხილება: ივანიაძე (19), კიკალიშვილი (31), ვოლოდკინი (46), ლუკიანჩიკოვი (47), გოლუბევი (76), კასრელიშვილი (80)