არსებობს მოსაზრება, რომ მასიმილიანო ალეგრიმ მიუნხენის “ბაიერნთან” საპასუხო მატჩში ალვარო მორატას მოედნიდან გაყვანით უდიდესი შეცდომა დაუშვა და ტურინის “იუვენტუსის” მარცხის ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც სწორედ ეს გახდა. არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები ალეგრი ასე რომ არ მოქცეულიყო, მაგრამ ფაქტია, მანამ, სანამ ესპანელი ფორვარდი მოედანზე იყო “იუვეს” არაფერი უჭირდა, ხოლო მისი გასვლის მერე 4 გოლი გაუშვა.
თავად მორატამ კი, “ალიანს არენაზე” დიდებული შეხვედრა ჩაატარა. ტურინელთა მეორე გოლი მთლიანად პირინელი ფორვარდის დამსახურებაა, როდესაც ბურთი საკუთარი საჯარიმოს მისადგომებიდან წამოიღო და ლამის მთელი “ბაიერნი” გააცურა, შემდეგ ხუან კუადრდოს უპასა და კოლუმბიელიც არანაკლებ დიდოსტატურად გაისარჯა...
მორატა აქტიური იყო მეორე ტაიმშიც: გატანა ორჯერ შეეძლო, ისევ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე, მაგრამ ჯერ ნოიერმა აჯობა, მერე კი ოდნავ ააცილა.
“რეალის” ექსფორვარდმა მატჩის შემდეგ საკუთარ ტვიტერზე თავისი გუნდის მიმართ სიამაყე გამოამჟღავნა:
“მაღლა აწეული თავი. ვამაყობ ამ გუნდით”, - დაწერა ესპანელმა.