რაგბი

22:23 | 16.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს “მონპელიეს” პრეზიდენტი ეწვევა

17-18 მარტს თბილისს 2015 წლის ყოველწლიური კონკურსის ”მსოფლიოს წლის მეწარმე” გამარჯვებული ბიზნესმენი, მწერალი და ფრანგული ელიტური სარაგბო კლუბის “მონპელიეს” პრეზიდენტი, მილიარდერი მოედ ალტრადი ეწვევა.

ალტრადი საქართველოში არსებული ბიზნეს კლიმატის გაცნობის მიზნით მთავრობისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდება. სხვადასხვა კომპანიების შესყიდვისა და წარმოების ზრდის საშუალებით, მოედ ალტრადმა საკუთარი ბიზნესი მთელ იმპერიად აქცია. გასულ წელს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში “ალტრადჯგუფის” შვილობილ კომპანიებში 17 000 ადამიანი იყო დასაქმებული. კომპანიის წლიურმა ბრუნვამ დაახლოებით 1.6 მილიარდი ევრო შეადგინა.

68 წლის მილიარდერი მოედ ალტრადი რაგბის დიდი ქომაგია. სწორედ ამიტომ მას სპორტულ სამყაროში “რაგბის ბედუინსაც” უწოდებენ. მისი ვიზიტი საქართველოში, ასევე მნიშვნელოვანია ქართული რაგბის განვითარების მიმართულებითაც. მილიარდერი ბიზნესმენი თავად ფლობს ფრანგული რაგბის ელიტარულ გუნდს “მონპელიე” და ამავე დროს, მისი პრეზიდენტიც არის. თბილისში ვიზიტისას ის გააფორმებს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს, როგორც საქართველოს რაგბის კავშირთან, ისე ქუთაისის რაგბის კლუბთან “აია”.

მემორანდუმის ფარგლებში მოხდება რაგბის აკადემიისა და ქუთაისის კლუბის “აიას” განვითარება შემდეგი ძირითადი მიმართულებებით: რაგბის მწვრთნელებისა და მენეჯერების გადამზადება, ახალგაზრდა მოთამაშეების ურთიერთგაცვლა, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ე.წ სპარინგ მატჩების ორგანიზება, საფრანგეთიდან მოწვეული სპეციალისტების მიერ საგანმანათლებლო სახის სემინარები რაგბის მოთამაშეების ცოდნის ამაღლების კუთხით, ტექნიკური დახმარება ფიტნესისა და კვების თანამედროვე ტენდენციებთან დაკავშირებით, აგრეთვე სხვა საგანმანათლებლო პროგრამების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს რაგბის მოთამაშეებსა და ზოგადად, მოცემული სპორტის განვითარებას.

ხვალვე დაგეგმილია ალტრადის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან. ვიზიტის ფარგლებში ბიზნესმენი მოინახულებს მცხეთას და ღირშესანიშნაობებს დაათვალიერებს.

www.interpressnews.ge

0.131142