ფეხბურთი

17:30 | 15.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელები: სუსტი თამაში ცუდი დასასრულით 

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მარცხით დაიწყო ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდი. ვასილ მაისურაძის გაწვრთნილებმა ბოსნიელ თანატოლებთან 1:2 წააგეს და ჯგუფიდან გასვლის შანსი მნიშვნელოვნად შეიმცირეს. შეგახსენებთ, ფინალურ ეტაპზე 8 ჯგუფიდან საუკეთესოები და 7 საუკეთესო მეორეადგილოსანიც გავა.

არ ვიცით, რატომ, მაგრამ საწყის 15 წუთში ძალიან ნერვიულობდა მეკარე ლუკა გუგეშაშვილი და მისი ერთ-ერთი შეცდომა გოლადაც დაგვიჯდა. არადა, გუგეშაშვილი ამ ფორმაციის ნაკრებში გამოირჩევა, შარშან 12-გუნდიანი ტურნირის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს, პოლონურმა “იაგელონიამ” მიიწვია და საერთოდაც, ნაკრების კაპიტანი გახლავთ.

ქაოსურ თამაშში პირველად ქართველებმა გაიტანეს, “საბურთალოს” ფორვარდმა გიორგი ივანიაძემ ბოლომდე იბრძოლა, მერე ორ მცველს შორის გაირბინა და შორიდან დაარტყა. ბოსნიელ მცველს ფეხზე მოხვდა ბურთი, მიმართულება იცვალა და 1:0 დავწინაურდით. ორ წუთში კი რესიჩმა ჩააწოდა და ხიფათს არაფერი მოასწავებდა, მაგრამ გუგეშაშვილმა ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა და კურიოზული გოლი მივიღეთ.

ეტყობა, მეკარის არასტაბილური თამაში სხვა ფეხბურთელებსაც გადაედოთ და კარგა ხანს ვერ დალაგდა თამაში. ტაიმის ბოლო 20 წუთში ბოსნიელები ფლობდნენ უპირატესობას, გააქტიურდნენ რესიჩი და ჰაჯიჩი. ქართველებს კი ბევრი ტექნიკური წუნი ჰქონდათ, ფაქტობრივად, სახიფათოს ვერაფერს ქმნიდნენ.

მეორე ნახევარში გამოსწორდა ქართველთა თამაში, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ რადიკალურად. ეგაა, ცენტრში უფრო დალაგდა თამაში. ნიკა ნინუამ ხუთჯერ დაარტყა კარში და ცოტა ზედმეტს იღებდა საკუთარ თავზე – ამ ხუთიდან მხოლოდ ერთი იყო მეტ-ნაკლებად სახიფათო. არადა, შეეძლო უკეთ ემოქმედა.

შეცვლაზე კარგად შევიდა ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, 2001 წელს დაბადებული ზურაბ დავითაშვილი, რომელიც რამდენიმე თვის წინ “დინამოს” დუბლებში დააწინაურეს. სწორედ დავითაშვილმა შექმნა ყველაზე კარგი მომენტი, გარღვევის შემდეგ საჯარიმოს ხაზიდან დაარტყა და მეკარემ კუთხურზე მოიგერია.

აქტიურები იყვნენ ფლანგელი მცველები, დავით კიკალიშვილი და განსაკუთრებით, ლევან ხარაბაძე. თუმცა წუნიც ბევრი ჰქონდათ. მეტს ველოდით გიორგი ჩაკვეტაძისგან, რადგან ამ ნაკრებში თამაშის წამყვანად სწორედ ის მიიჩნევა. ჩაკვეტაძემ ერთი-ორი მწვავე პასი გააკეთა, თუმცა მთლიანობაში თავისი შესაძლებლობები ვერ გამოავლინა.

დაახლოებით მე-60 წუთიდან გამოიკვეთა, რომ ქართველებმა შეტევაზე გააკეთეს აქცენტი, ხოლო ბოსნიელები თავიანთ შანსს კონტრშეტევებზე უცდიდნენ. ამას ადასტურებდა შეცვლებიც.

მოკლედ, უკვე აშკარა უპირატესობა ჰქონდათ ქართველებს, როცა აქეთ გაუშვეს გოლი: დადიჩმა მარჯვნიდან დაბალი პასი გააკეთა საჯარიმოში, იქ კი ქართველ მცველები არასწორ პოზიციაში იდგნენ, კოვაჩმაც დაახლოებით პენალტის ნიშნულიდან ერთ შეხებაში დაარტყა...

დარჩენილ წუთებში ერთი კარგი შანსი ჰქონდა მაისურაძის გუნდს, როცა ხარაბაძემ თავით დაარტყა. მეკარემ მოიგერია და დამატებაზე, არეულობაში კიდევ ერთხელ მოახერხა რეაგირება.

ბოლო წუთებში ბოსნიელი ჭაბუკები მინდორზე წამოგორებას და დროის გაყვანას არ ერიდებოდნენ, თან, აშკარად უკვე ნერვებზე თამაშობდნენ. თუმცა ქართველებს საქმე აქამდე არ უნდა მიეყვანათ... ხშირად გვჩვევია ფიზიკურ მომზადებაზე ჩივილი, მაგრამ მარტო “ფიზიკის” ბრალი არ ყოფილა ეს მარცხი. იმდენი არასწორი გადაწყვეტილება იყო ფეხბურთელთა მხრიდან, სათვალავი აირეოდა.

წინ ორი მატჩია და იმედია, უკეთ ითამაშებს საქართველოს ნაკრები.

ბოსნია-საქართველო 2:1 (1:1)

ბოსნია: ვასილი, პერიჩი, ბეშირევიჩი, ცელიკოვიჩი, ველიჩი, მირიჩი (სედიკუ 74), რესიჩი (შაბანაჯოვიჩი 80+1), კოვაჩი, დადიჩი, ველაჟიჩი, ჰაჯიჩი (ვლადიჩი 66)

საქართველო: გუგეშაშვილი, კიკალიშვილი, ქაფიანიძე, კასრელიშვილი, ხარაბაძე, შეწირული (ანდრონიკაშვილი 41), კუცია, ნინუა, ჩაკვეტაძე, ქავთარაძე (დავითაშვილი 53), ივანიაძე (სპანდერაშვილი 74)

გოლები: 0:1 ივანიაძე (14), 1:1 რესიჩი (16), 2:1 კოვაჩი (75)

გაფრთხილება: ცელიკოვიჩი (34), ივანიაძე (59), კუცია (71), რესიჩი (80)

გაძევება: დადიჩი (76)

0.113235