რაგბი

19:06 | 14.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ბორჯღალოსანთა" ისტორიული მე-12!

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო რაგბის რეიტინგის დაარსების დღიდან პირველად, მე-12 ადგილზე აღზევდა და რაც მთავარია, ეს წინსვლა და პოზიცია რეალურად ასახავს იმ პროგრესს, რომელსაც ქართული რაგბი ბოლო წლებში განიცდის.

რუსეთის სტუმრად, სოჭში 15-ქულაზე მეტი სხვაობით დამარცხებამ [24:7], „ბორჯღალოსნებს“ 0,76 სარეიტინგო ქულა შესძინა. აღსანიშნავია, რომ ქართველები მე-12 ადგილს მინიმალური სხვაობით მოგების შემთხვევაშიც შეწვდებოდნენ, მაგრამ ახლა ტონგასთან სხვაობა უფრო დიდია, ვიდრე ასეთ შემთხვევაში იქნებოდა. საქართველოს წინ კიდევ ერთი კუნძულელი ფიჯია, რომლის გადასწრებაც ქართველებისთვის უახლოესი მომავლის პერსპექტივა არაა, მაგრამ რუმინეთის ძლევით მიღებული ქულები, „ბორჯღალოსნებს“ ტონგასთან დაშორების საშუალებას მისცემს, რომელიც სარეიტინგო თამაშებში ივნისიდან ჩაერთვება.

ექვსი ერის გამარჯვებულმა ინგლისმა, მეოთხე ტურში უელსის 25:21 ძლევით 0,88 სარეიტინგო ქულა მიიღო და არგენტინა ჩამოიტოვა. ის ახლა მე-5 პოზიციაზეა, მის წინ კი, მისგანვე ძლეული უელსია, ოღონდ მდევარს მეასედებით უსწრებს და ეს სიტუაცია შესაძლოა, ერთ კვირაში შეიცვალოს. ერთი ადგილით დაწინაურდა ირლანდია, მაგრამ მისი წინსვლა იტალიის განადგურებამ კი არა, ფრანგთა მარცხმა გამოიწვია. „ლე ბლუმ“ შოტლანდიასთან წაგებით 0,91 ქულა დაკარგა. ეს ქულები შოტლანდიამ ჩაიწერა და მართალია ჯერჯერობით მე-9 ადგილზე რჩება, მაგრამ საფრანგეთი უკვე ხელის გაწვდენაზეა.

თემა იმდენად სასიამოვნოა, რომ აუცილებლად დავუბრუნდეთ საქართველოს ნაკრებს და ვთქვათ, რომ ახლა „ბორჯღალოსნები“ ექვსი ერის ბინადარ იტალიას 1,43 სარეიტინგო ქულით უსწრებენ. 19 მარტს რუმინეთის ძლევის შემთხვევაში, ეს სხვაობა კიდევ 0,27 ქულით გაიზრდება, ხოლო თუ რუმინელებს 15-ზე მეტი სხვაობით მოვუგეთ, მაშინ ზრდა 0,41 ქულას შეადგენს.

მსოფლიო რაგბის რეიტინგი. 14 მარტისთვის

1 (1). ახალი ზელანდია 96,10

2 (2). ავსტრალია 89,33

3 (3). სამხრეთ აფრიკა 87,66

4 (4). უელსი 83,10

5 (6). ინგლისი 83,06

6 (5). არგენტინა 82,59

7 (8). ირლანდია 79,70

8 (7). საფრანგეთი 79,29

9 (9). შოტლანდია 78,95

10 (10). იაპონია 77,05

11 (11). ფიჯი 76,96

12 (13). საქართველო 72,21

13 (12). ტონგა 71,60

14 (14). იტალია 70,78

15 (15). სამოა 70,36

16 (16). რუმინეთი 67,93

17 (17). აშშ 65,68

18 (18). კანადა 64,27

19 (20). ურუგვაი 63,23

20 (19). რუსეთი 62,77

21 (21). ნამიბია 61,75

22 (22). ესპანეთი 60,89

23 (23). გერმანია 57,69

24 (24). ჰონკონგი 57,17

25 (26). ბელგია 57,17

26 (25). კორეა 56,70

27 (27). კენია 55,89

28 (28). უკრაინა 55,51

29 (30). ჩილე 55,20

30 (30). პორტუგალია 55,08

...

www.worldrugby.ge

0.122397