ინგლისის ნაკრებმა არაოფიციალურ ფინალში უელსის 25:21 დამარცხებიდან 24 საათში, ოთხწლიანი შესვენების შემდეგ ექვსი ერის გამარჯვებულის ტიტული დაიბრუნა.
„თვიქენჰემზე“ გამართულ მატჩში ინგლისელებისთვის 73-ე წუთამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა - მასპინძლები ჯერ 19 და მერე 18 ქულის სხვაობით იგებდნენ, მაგრამ მებრძოლი უელსისგან სამი წუთის ინტერვალით 14 ქულა მიიღეს და დასკვნით წუთებში მიზანს დიდი ნერვიულობის ფასად უწიეს. „დრაკონებმა“ უკვე მერამდენად დაამტკიცეს, რომ მათთან ხუმრობა საშიში საქმეა, მაგრამ სასწაულამდე სულ ცოტა დააკლდათ.
მასპინძლებმა თამაში მძლავრად დაიწყეს და სულ ორი წუთი იყო გასული, საქმეში ვიდეო-რეფერი რომ ჩაერთო, რომელმაც ბენ იანგზზე წინთამაში დააფიქსირა და ლელო გააუქმა. მე-16 წუთზე ვიდეო-რეფერი მეორედ ჩაერთო საქმეში და ამჯერად დენ კოულის ლელო გააუქმა, როდესაც ინგლისელებმა მცველები ზედ ძელებს შორის გადაქელეს, თუმცა დამიწება არ გამოჩნდა.
სამაგიეროდ, 20 წუთში ოუენ ფარელიმ სამჯერ ისარგებლა სტუმრების უდისციპლინობით და სამი ზუსტი დარტყმა შეასრულა, ხოლო 31-ე წუთზე ენტონი უოტსონს ვეღარვინ მოედავებოდა, როდესაც მარო იტოჯი მცველებს გასცდა და მაიკლ ბრაუნმა გარემარბი მარცხება ფლანგზე გააქცუნა. ფარელიმ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და თამაში რომ განახლდა ჯარიმით ანგარიში 19:0 გახადა. ეს შედეგი ზუსტად ასახავდა იმ უპირატესობას, რაც ინგლისს პირველ 40 წუთში ჰქონდა, მაგრამ მეორე ტაიმში მოედანზე სულ სხვა უელსი გავიდა.
53-ე წუთზე დენ ბიგარმა ჯორჯ ფორდს 22-ის ხაზთან ფეხით თამაშისას დაუფარა და ბურთი ძელებსშუა დაამიწა. ლელო თავადვე გარდასახა, მაგრამ ფარელიმ 65-ე და 67-ე წუთებზე კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა - 25:7. დასკვნით წუთებში მასპინძლები მოედანზე 14 კაცით დარჩნენ და სტუმრებმაც რიცხობრივი უპირატესობა სათანადოდ გამოიყენეს. 74-ე წუთზე მათ დაცვის ხაზი გაჭრეს, ჯონათან დევისმე მაღალი კლასი აჩვენა და ლელოში ჯორჯ ნორთი დაგეზა, ხოლო სამ წუთში ტობი ფალეტაუ ორ მცველს შორის გაძვრა და უელსელთა მესამე ლელო დაამიწა. რის პრისტლენდმა ორივე გარდასახვა ზუსტად შესრულა, მაგრამ უელსს, რომელმაც ინგლისს ერთის წილ სამი ლელო გაუტანა, გამარჯვების, მეოთხე ლელოს დასადებად დრო აღარ დარჩა.
ამრიგად, ინგლისმა მსოფლიო თასზე განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო შინაურ, Triple Crown-ს დაეუფლა, მაგრამ ექვსი ერის მოსაგებად მაშინ ჯერ კიდევ საფრანგეთი ყავდა დასამარცხებელი, რომელსაც ტუტულის დაუფლების შანსის შესანარჩუნებლად, შოტლანდიაში უნდა ემარჯვა.
სქოთებს ინგლისელები დიდად გულზე არ ეხატებათ, მაგრამ თავმოყვარეობა პირველ ადგილზე უყენიათ და მეოთხე ტურის დასკვნით მატჩში ფრანგების 29:18 ძლევით, ინგლისს ერთი ტურით ადრე უბოძეს ექვსი ერის გამარჯვებულის ტიტული. დიახ, ეს რაგბია და რაც არ უნდა მოსისხლე მტერის წისქვილზე ასხამდეს წყალს, აქ თავის დაზოგვა არავის სჩვევია. ეს სწორედ ისაა, რისთვისაც გულშემატკივარს რაგბი ასე გამორჩეულად უყვარს.
მატჩის დებიუტი სტუმრების იყო, გილემ გუირადომ მე-4 წუთზე კარგად გათამაშებული კომბინაცის შემდეგ ლელოთი გახსნა ანგარიში, მაგრამ ფრანგებმა ბურთზე კონტროლი ვერ დაამყარეს, უბურთოდ კი, თამაშს ვერ მოიგებ. გრეიგ ლეიდლოუმ ორი ჯარიმით მასპინძლები დააწინაურა, მერე შოტლანდიელებმა ზედ ცენტრში რამდენჯერმე გაჭრეს ხაზი და სიუარტ ჰოგი მცველებს შორის რომ გაძვრა, ლელო გაიტანა. 36-ე წუთზე დანკან ტეილორმა თავისსავე ნახევარზე ჯარიმა სწრაფად გაითამაშა, მბოჭავებმა მისი შეჩერება ვერ შეძლეს და მარჯვენა ხაზის გასწვრივ დაწყებული რეიდი ლელოთი დასრულდა. ლეიდლოუმ ორიდან ერთი გარდასახვა გამოიყენა - 18:5
ამ პერიოდში ფრანსუა ტრინ-დუკს რამდენიმე ჯარიმა გაუცუდდა, თუმცა შესვენებამდე სტუმრებმა ჩამორჩენის შემცირება შეძლეს - გაელ ფიკუმ ხაზში სივრცე რომ შენიშნა, ჯიქურ წავიდა და ლელო დაამიწა, ხოლო მაქსიმ მაშენომ გარდასახვით საკუთარ გუნდს კიდევ 2 ქულა შესძინა. მეორე ტაიმის პირველ მეოთხედში სტიუარტ ჰოგის ჯარიმას [53 მეტრიდან] მაშენომ ორი ზუსტი დარტყმით უპასუხა და სხვაობა უკვე 3 ქულამდე დავიდა, მაგრამ 66-ე წუთზე ტიმ ვისერმა სტუმართა იმედებს წერტილი დაუსვა.
ეს ლელო მართლაც ულამაზესი აღმოჩნდა - ლეიდლოუმ ბურთი გრძელი პასით მარცხენა ფლანგზე გაგზავნა, ჰოგმა ის ნახტომში, თითებით ვისერს პირდაპირ ხელებში ჩაუგდო და სიჩქარეაკრეფილ გარემარბს ვეღარავინ შეაჩერებდა. ლეიდლომ სულ ბოლოს მონაგარს ჯარიმაც შემატა, შოტლანდიას 29:18 მოაგებინა, ინგლისს ექვსი ერი და ახლა ამ უკანასკნელს ფრანგებთან Grand Slam-ისთვის მოუწევთ ბრძოლა.
2016 წლის ექვსი ერი. IV ტური
ირლანდია - იტალია 58:15
ინგლისი - უელსი 25:21
შოტლანდია - საფრანგეთი 29:18
1. | ინგლისი | 4 | 4 | 0 | 0 | 101:49 | 8 | |
2. | უელსი | 4 | 2 | 1 | 1 | 83:74 | 5 | |
3. | შოტლანდია | 4 | 2 | 0 | 2 | 97:80 | 4 | |
4. | საფრანგეთი | 4 | 2 | 0 | 2 | 61:78 | 4 | |
5. | ირლანდია | 4 | 1 | 1 | 2 | 93:62 | 3 | |
6. | იტალია | 4 | 0 | 0 | 4 | 65:157 | 0 |
V ტური
უელსი - იტალია, ირლანდია - შოტლანდია, საფრანგეთი - ინგლისი