კალათბურთი

0:33 | 11.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნემანია რადოვიჩი: “შენგელიასთან დაპირისპირებას მოუთმენლად ველი”
“თუკი უძლიერეს შემადგენლობას შევკრებთ, საქართველოსაც ვაჯობებთ”

2017 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაცო ეტაპზე ჩერნოგორიის უმთავრესი მეტოქე საქართველოს ეროვნული ნაკრები იქნება. ეს განცხადება ჩერნოგორიელთა მძიმე ფორვარდმა ნემანია რადოვიჩმა გააკეთა. ესპანური “მურსიას” 25 წლის კალათბურთელმა ინტერვიუ ფიბა-ევროპას ოფიციალურ ვებ-გვერდს მისცა და ქართველი ქომაგებისთვის საინტერესო თემებზეც ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ რადოვიჩი ქვეყნის ეროვნულ გუნდში პირველად 2015 წლის ევრობასკეტის შესარჩევ ციკლში გამოიძახეს და უდავოა, რომ გამოცდილ ფორვარდს ის პერიოდი კარგად ნამდვილად არ დაამახსოვრდებოდა.

საქმე ის გახლავთ, რომ ჩერნოგორიელებმა მაშინ საწყისი 2 მატჩი მოიგეს, თუმცა, შემდეგ ნიკოლა პეკოვიჩის, ნიკოლა ვუჩევიჩის და ბლაგოტა სეკულიჩის არყოფნაში ძალიან გაუჭირდათ. მალევე გუნდის კიდევ ერთმა ლიდერმა მილკო ბიელიცამ ტრავმა მიიღო, შედეგად კი, გუნდმა დასკვნითი 4 მატჩიდან 3 წააგო და ფინალური ეტაპის მიღმა დარჩა. B ჯგუფში პირველ-მეორე ადგილები ისრაელმა და ჰოლანდიამ დაიკავეს, ჩერნოგორია კი მხოლოდ მე-3 იყო.

“თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ მაშინ ყველაფერი ბიელიცას ტრავმამ შეცვალა. ისედაც არაერთი ლიდერი გვაკლდა, კიდევ ერთი წამყვანი მოთამაშის გამოკლების შემდეგ კი, სასურველ დონეზე ვეღარ ვითამაშეთ. იმ ციკლში მიზანს ვერ მივაღწიეთ, თუმცა, მაინც დიდი გამოცდილება მივიღე, რადგანაც შესარჩევ ეტაპზე პირველად ვითამაშე.

მაშინ ლუკა პავიჩევიჩმა დიდი სამუშაო გასწია, თუმცა, არ გაუმართლა, ახლა კი, ბოგდან ტანიევიჩის ჯერია, რომელსაც ზურგს უდიდესი გამოცდილება უმაგრებს”, - აღნიშნა რადოვიჩმა, რომელიც აღნიშნულ შესარჩევ ციკლში მოედანზე საშუალოდ 22.3 წუთს ატარებდა, მისი მონაგარი კი ასეთი იყო: 4.0 ქულა, 5.3 მოხსნა, 1.3 პასი.

ცხადია, ჩერნოგორიელები ზედიზედ მეორე ევრობასკეტის მიღმა დარჩენას ძნელად გადაიტანენ, ამდენად, მომავალ თამაშებს უდიდესი ყურადღებით ეკიდებიან. შეგახსენებთ, რომ F ჯგუფში ჩერნოგორიის და საქართველოს გარდა, სლოვაკეთი და ალბანეთიც მოხვდნენ, თუმცა, ძირითადი ბრძოლა ვის შორის წარიმართება, ყველასთვის ცხადია.

“წილისწყრის დასრულების შემდეგ, ერთი რამ ვიფიქრე: ჯგუფი იოლი არაა, თუმცა, იქიდან გასვლა ნამდვილად შეგვიძლია. აგდებულად არცერთ მეტოქეს არ უნდა მოვეკიდოთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ გადამწყვეტი საქართველოსთან მატჩები იქნება.

მათ ნბა-ში ზაზა ფაჩულია ჰყავთ და სხვა მაღალკვალიფიციური კალათბურთელებიც არ აკლიათ. მაგალითისთვის, თორნიკე შენგელიაც კმარა, რომელიც აქ, ესპანეთში თამაშობს და მას უდიდეს პატივს ვცემ. შენგელია ჩემს პოზიციაზე ირჯება, ამდენად, მასთან დაპირისპირებას მოუთმენლად ველი და იმედი მაქვს, რომ ქართველის წინააღმდეგ კარგად ვითამაშებ”, - აღნიშნა ჩერნოგორიელმა ფორვარდმა.

ცნობისთვის, რადოვიჩი “მურსიას” 2 წლის წინ შეუერთდა, მიმდიმარე სეზონში კი საშუალოდ 7.2 ქულას და 4.9 მოხსნას აგროვებს და გუნდთან ერთად, პლეი-ოფში გასასვლელად იბრძვის. საინტერესოა ისიც, რომ მურსიელებს სახელოვანი ფოტის კაციკარისი ავარჯიშებს, რომელიც ამავდროულად საბერძნეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელიცაა.

ნათელია, რომ საზაფხულოდ ნემანია ეროვნული გუნდის შემადგენლობაში იქნება, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, ჩერნოგორიელები საუკეთესო კალათბურთელების შეკრებას ამჯერად მაინც თუ მოახერხებენ.

უკვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ მარად ტრავმირებული ნიკოლა პეკოვიჩი სანაკრებოდ ამჯერადაც ვერ მოიცლის, ამ ფონზე კი, ნიკოლა ვუჩევიჩის გადაწყვეტილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება. ეს რადოვიჩსაც კარგად ესმის.

“ნათელია, რომ ჩვენს ჯგუფში საუკეთესო შემადგენლობები საქართველოს და ჩერნოგორიას ჰყავთ, თუმცა, თუკი ჩვენ საუკეთესო მოთამაშეებს შევკრებთ, უძლიერესი გუნდი ვიქნებით. ვუჩევიჩი დიდი კალათბურთელია, რომელიც შეტევაში უბრალოდ შეუჩერებელია. საკმარისია მას ბურთი მიაწოდოთ და დანარჩენს თვითონ გააკეთებს.

იმ ფონზე, როდესაც ჩერნოგორიაში მხოლოდ 650 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ბევრს არც სჯერა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავალთ, თუმცა, ჩვენი ადგილი სწორედ ფინალურ ეტაპზეა და მჯერა, სასურველ შედეგს მივაღწევთ”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112618