მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი “რომასთან” მოგებული (2:0) ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩის შემდეგ კმაყოფილი გახლდათ. “სამეფო გუნდის” თავკაცმა აგრეთვე აღნიშნა, განვლილ შეხვედრაში ყველაფერი შეიძლება მომხდარიყოო.
“რომას” სამი “ოქროს” შანსი ჰქონდა, თუმცა იტალიელებმა ეს ვერ გამოიყენეს.
“რთული თამაში იყო, მაგრამ ბოლოსკენ მიზანს მივაღწიეთ, რამაც შემდეგი ეტაპის საგზური მოგვაპოვებინა. 90 წუთის განმავლობაში შეიძლებოდა ბევრი რამ შეცვლილიყო, რადგან სწრაფი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ კარგ გუნდს ვეთამაშებოდით. საბოლოოდ ჩვენი საქმე კარგად შევასრულეთ.
ხამესის გოლით კმაყოფილი ვარ. ვარჯიშებზე კოლუმბიელი კარგად გამოიყურება და გოლის გატანა მისთვის მნიშვნელოვანი გახლდათ. კრიშტიანუ რონალდუ კი თავის გამოჩენას ყოველთვის ცდილობს და ამას აკეთებს კიდეც. ახლა კენჭისყრას დაველოდებით და დავისვენებთ, რაც ნამდვილად გვჭირდება.” – ციტირებს ფრანგის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.
“სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართული შეხვედრის 64-ე წუთზე ანგარიში პორტუგალიელმა თავდამსხმელმა გახსნა, ხოლო 4 წუთში ხამეს როდრიგესმა შეხვედრის საბოლოო შედეგი 2:0 დააფიქსირა. ორი მატჩის ჯამში ესპანელებმა 4:0 იმარჯვეს.