IHF/EHF ქალთა თასის პირველ დღეს ფარერის კუნძულების ნაკრებმა 26-17 დაამარცხა ესტონეთი, ლატვიამ ალბანეთს მოუგო - 48-1, საქართველომ - კვიპროსს - 33-10, ბელგიამ კი სომხეთი დაჯაბნა - 46-10.
B ჯგუფი. ფარერები - ესტონეთი 26:17
ფარერელთა გუნდი მთელი თამაშის განმავლობაში ლიდერობდა. ესტონელებმა პირველი ტაიმის ბოლოს სხვაობა 5 ბურთამდე შეამცირეს (7-12), მაგრამ შესვენების შემდეგ მათ მეტის საშუალება არ მისცა ფარერელთა მეკარემ ანიკა ფრისჰაიმ-პეტერსენმა, ვინც გამარჯვებული გუნდიდან საუკეთესო მოთამაშის პრიზი მიიღო. ფარერელთა შორის ყველაზე შედეგიანი მარია ჰალსდოტირი იყო 6 გოლით. ესტონელებში საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მარი ურვიკს ერგო, ხოლო ყველაზე შედეგიანი ალინა მოლკოვა გახლდათ - 4 გოლი.
მარი ურვიკი, ესტონეთი: ძალიან მძიმე თამაში გვქონდა. ჩვენ მეტის გაკეთება ვერ მოვახერხეთ, იმიტომ, რომ მეტოქედ ძალიან კარგი გუნდი გვყავდა.
ანიკა პეტერსენი, ფარერები: კარგი მატჩი იყო, ჩემმა თანაგუნდელებმა კარგად ითამაშეს. ეს არ იყო ჩვენი მაქსიმუმი. ფარერების ნაკრებს უკეთესადაც შეუძლია თამაში.
B ჯგუფი. ბელგია - სომხეთი 46:10
ამ მატჩში ძალები არათანაბარი იყო. ბელგიამ ტაიმი 19:6 მოიგო და მეორეში სხვაობა გაზარდა. ყველაზე შედეგიანი იყო დორიენ აბელი 9 გოლით, ხოლო საუკეთესო მოთმაშის პრიზი გამთამაშებელმა რომანე მარტინ ლოპესმა მიიღო. სომხეთის გუნდში საუკეთესო მოთამაშე და საუკეთესო ბომბარდირი მარცხენა ინსაიდი შუშანიკ ესაიანი გახდა.
B ჯგუფში, ნახევარფინალის ორი საგზურისთვის, როგორც ჩანს, ფარერები, ბელგია და ესტონეთი იბრძოლებენ.
A ჯგუფი. საქართველო - კვიპროსი 33:10
10 წლის წინ, ჩელენჯ ტროფის ბრინჯაოს ფინალში საქართველოს ნაკრები კვიპროსთან 18:23 დამარცხდა, მაგრამ 2016 წლისთვის თვალსაჩინო პროგრესი განიცადა და მეტოქეს უპრობლემოდ მოუგო.
გამარჯვებაში გუნდის ყველა მოთამაშემ შეიტანა წვლილი. გამოირჩეოდნენ მარჯვენა-ინსაიდ-გარემარბის წყვილი, ჩოგოვაძე-ვენეცკი, მარცხენა ინსაიდები კუნელაშვილი და ქიტესაშვილი, მეკარეები ვარდიშვილი და ჩაჩუა და ცენტრალური მცველი ჩირგაძე, ხოლო მატჩის საუკეთესო მოთმაშე გახდა გამთამაშებელი ანა ყველაშვილი 7 გოლით. კვიპროსელთაგან საუკეთესოს ჯილდო ელენი ზინონოსმა მიიღო.
ანა ყველაშვილი, საქართველო: თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ჩვენთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნება ხვალიდნელი მატჩი ლატვიასთან, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობა.
ელენი ზინონოსი, კვიპროსი: ძალიან მძიმე მატჩი გვქონდა. საქართველოს ნაკრებმა ძალიან ხისტი დაცვა შემოგვთავაზა, რამაც თამაში გაგვირთულა. მომდევნო მატჩებში ჩვენი ამოცანა მეტი კონტენტრაციით თამაში იქნება. უკვე ვიცით ჩვენი შეცდომები და ამიერიდან მხოლოდ მოსაგებად ვითამაშებთ.
A ჯგუფი. ლატვია - ალბანეთი 48:1
ლატვიის გუნდის გამთამაშებელმა ლაურა რუტკოვსკამ ამ მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზი მიიღო და ჯერჯერობით, ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიც ისაა. ლატვიელმა თორმეტჯერ გაუტანა გოლი ალბანელთა მეკარე ჰაიდი ზაიმის, რომელიც მაინც საუკეთესო მოთამაშე გახდა თავის გუნდში.
ამ ჯგუფში, როგორც ჩანს, ლატვია და საქართველო გავლენ ნახევარფინალში და ხვალინდელ მატჩში უნდა გადაწყდეს, ვინ გახდება ჯგუფის გამარჯვებული.
ხელბურთი. IHF/EHF ქალთა თასი. 8-13 მარტი, 2016. თბილისი, ახალი სპორტის სასახლე
ყველა მატჩის პირდაპირი სტრიმი ოფიციალური ვებგვერდზე: http://womenstrophy.ge/
A ჯგუფი: კვიპროსი, ლატვია, საქართველო, ალბანეთი
8 მარტი. 16:00 ლატვია-ალბანეთი 48:1, 18:00 კვიპროსი-საქართველო 33:10
9 მარტი. 14:00 ალბანეთი-კვიპროსი, 18:00 საქართველო-ლატვია
10 მარტი. 14:00 კვიპროსი-ლატვია, 18:00 საქართველო-ალბანეთი
B ჯგუფი: ფარერები, ბელგია, ესტონეთი, სომხეთი
8 მარტი. 14:00 ფარერები-ესტონეთი 26:17, 20:00 ბელგია-სომხეთი 46:10
9 მარტი. 16:00 სომხეთი-ფარერები, 20:00 ესტონეთი-ბელგია
10 მარტი. 16:00 ესტონეთი-სომხეთი, 20:00 ფარერები-ბელგია
11 მარტი - დასვენების დღე
12 მარტი. ნახევარფინალი
14:00 3A-4B, 16:00 3B-4A
18:00 1A-2B, 20:00 1B-2A
13 მარტი. ფინალი
12:00 7-8 ადგილები
14:00 5-6 ადგილები
16:00 ბრინჯაოს ფინალი
18:00 მთავარი ფინალი
ასაკობრივი კატეგორია: 1997 წელს და გვიან დაბადებულები