საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი ეროვნული გუნდის უახლოეს შეკრებაზე “ლესტერის” ცენტრალური ნახევარმცველის ნ’გოლო კანტეს გამოძახებას გეგმავს – იუწყება ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’Equipe.
24 წლის მოთამაშე “ლესტერში” მიმდინარე სეზონის დასაწყისში “კაენიდან” გადავიდა, პრემიერლიგის ერთ-ერთ აღმოჩენად იქცა და ძლიერი გუნდების გარდა, მისი სამსახურით საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელიც დაინტერესდა.
ნ’გოლო პარიზშია დაბადებული, თუმცა წარმოშობით მალელია და იქაური მოქალაქეობაც აქვს. შესაბამისად, მას არჩევანის გაკეთების საშუალება აქვს: მალისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის.
როგორც ზემოთ ნახსენები წყარო წერს, დეშამი მოცდას აღარ აპირებს და კანტეს “მამლების” რიგებში დებიუტი უახლოეს სანაკრებო ბატალიებზე ექნება.
საფრანგეთის ნაკრები მარტის ბოლოს ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 25 მარტს ჰოლანდიას დაუპირისპირდება, ხოლო ოთხი დღის შემდეგ რუსეთს.
დეშამი გაფართოებულ შემადგენლობას 17 მარტს ადგილობრივი დროით 14:00 საათზე დაასახელებს.