ლევან ყენია სამმატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ დაბრუნდა მოედანზე, “ბოლესლავი”-“სლავიას” მატჩში (2:1) ბოლო 15 წუთი ითამაშა და საგოლე პასიც გააკეთა. ამ მცირე დროში ლევანმა კიდევ ერთხელ გაამწვავა სიტუაცია, როცა ორ კაცს გასცდა და პარტნიორს გაუკეთა გადაცემა, თუმცა მან ახლოდან ააცილა. “სლავია” ჩეხეთში მეხუთე ადგილზეა და ევროტურნირებზე გასასვლელად იბრძვის.
პოლონეთში ლაშა დვალის “შლიონსკმა” შინ 0:2 წააგო “ზაგლებიესთან” და ბოლოდან მესამე საფეხურზეა. დვალმა კვლავაც შეუცვლელად ითამაშა.
საფრანგეთის ლიგა1-ში დამარცხდა ჯაბა კანკავას “რეიმსი”, კერძოდ, ლილში 0:2. ჯაბამ კვლავაც 90 წუთი ითამაშა. კანკავას გუნდი ბოლოდან მეოთხე ადგილზეა, ლიგიდან კი სამი გუნდი ვარდება. ისე, ჯაბა სტაბილურად ატარებს სეზონს, თავის უშუალო მოვალეობებს ასრულებს და გუნდის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევა. ბევრის აზრით კი, ნომერ პირველ ფეხბურთელადაც.
კვიპროსზე თემურ ქეცბაიას აპოელ-მა მორიგი სამი ქულა აიღო: “ნეა სალამისს” გასვლაზე 1:0 აჯობა და ოთხქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს, თუმცა მდევარ აეკ ლარნაკას ამ ტურში სათამაშო აქვს.