საბერძნეთის ჩემპიონატის მატჩი “ირაკლისსა” და “ოლიმპიაკოსს” შორის, რომელიც 6 მარტს უნდა გამართულიყო, გაურკვეველი ვადით გადაიდო. როგორც სააგენტო AFP-ი იტყობინება, თამაშის გადადების მიზეზი, საბერძნეთის საზღვრებთან შეკრებილ ლტოლვილთა დიდი ნაკადის გამო შექმნილი პრობლემები გახდა. ბერძენ სამართალდამცავთა დიდი ნაწილი ქვეყნის საზღვარზე უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფადაა მობილიზებული, “ირაკლისისა” და “ოლიმპიაკოსის” მატჩი კი საფრთხისშემცველ კატეგორიას მიეკუთვნება და ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს თამაშზე შესაბამისი ზომების გასატარებლად პოლიციის გაძლიერებული ძალის გამოყოფა არ შეეძლო. საფრთხის თავიდან ასარიდებლად, საბერძნეთის სპორტის სამინისტრომ ფეხბურთის ფედერაციას თამაშის გადადება მოთხოვა.
საბერძნეთის მიმდინარე ჩემპიონატში 24 ტურია ჩატარებული, სატურნირო ცხრილში 67 ქულით პირველ ადგილზე მყოფ “ოლიმპიაკოსს” კი ჩემპიონის ტიტული ვადაზე ადრე უკვე განაღდებული აქვს.