ფეხბურთი

3:46 | 4.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონამ” “რეალის” რეკორდი დაამხო

ესპანეთის ჩემპიონატის 27-ე ტურის დასკვნით სათამაშო დღეს 3 შეხვედრა გაიმართა.

გათამაშების გამოკვეთილი ლიდერი “ბარსელონა” გასვლაზე “რაიო ვალეკანოს” დაუპირისპირდა, იოლი გამარჯვება მოიპოვა და ზედიზედ 35-ე წაუგებელი შეხვედრა ჩაატარა, რაც ესპანური ფეხბურთის რეკორდია (1988/1989 წლების სეზონში “რეალმა” ყველა ტურნირზე 34 მატჩი არ წააგო).

“ბარსელონამ” შეხვედრის ბედი პირველივე ტაიმში, ორწუთიან მონაკვეთში გადაწყვიტა: 22-ე წუთზე ივან რაკიტიჩმა მასპინძელთა კიპერის ბავშვური შეცდომით ისარგებლა და ცარიელ კარში შეაგორა ბურთი, ხოლო ერთ წუთში ნეიმარმა ლიონელ მესის გაატანინა. ტაიმის ბოლოს შეხვედრის მთავარმა მსაჯმა ინიაკი ვიკანდი გარიდომ საკამათო გადაწყვიტილება მიიღო და რაკიტიჩზე უხეშობის გამო, მოედნიდან დიეგო ლორენტე გააძევა.

10 კაცით დარჩენილი “რაიო” სტუმართა შეტევებს საერთოდ ვეღარ უმკლავდებოდა და 53-ე წუთზე მესიმ დუბლი გაიფორმა. მასპინძლებმა რაც შეძლეს, ის გახლდათ, რომ 57-ე წუთზე მანუჩომ თავური დარტყმით პრესტიჟის გოლი გაიტანა.

მადრიდელები 69-ე წუთზე საერთოდ 9 კაცით დარჩნენ. მსაჯმა ამჯერად იტურა გააძევა და პენალტი დანიშნა, რომელიც ლუის სუარესმა ვერ გამოიყენა. თუმცა, სტუმრებმა მაინც დიდი ანგარიშით იმარჯვეს: სამ წუთში მესიმ ჰეთ-თრიკი გაიფორმა, ხოლო მატჩის მიწურულს არდა თურანმა “ბლაუგრანას” მაისურით პირველად გაიტანა – 1:5.

“ბარსელონას” 69 ქულა აქვს და მე-2 ადგილოსან “ატლეტიკოს” 8 ქულით უსწრებს.

აღნიშნული მატჩის გარდა, გუშინ კიდევ ორი შეხვედრა შედგა ესპანეთში. “ბეტისმა” გასვლაზე “ესპანიოლი” გაანადგურა, ხოლო “გრანადამ” ელ არაბისა და საკსესის გოლებით “ხიხონი” დაამარცხა შინ.

რაიო ვალეკანო – ბარსელონა 1:5 (0:2)

მადრიდი, “ესტადიო ვალეკასი”

რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ხ.კარლოსი, დ.ლორენტე, კრესპო, ტიტო, ქუინი, იტურა, ტრაშორასი, პიტი (კაბალიერო 56), ბებე (ამაია 71), ემბარბა, მანუჩო (გერა 80).
მწვრთნელი: პაკო ხემესი

ბარსელონა (4-3-3): ბრავო, პიკე, მასკერანო, მატიე, რობერტო (ვიდალი 72), ბუსკეტსი (ვერმაელენი 77), რაკიტიჩი (თურანი 66), ინიესტა, ლ.სუარესი, მესი, ნეიმარი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლები: 0:1 რაკიტიჩი (22), 0:2;0:3;1:4 მესი (23;53;72), 1:3 მანუჩო (57), 1:5 თურანი (86)
გაფრთხილებები: თურანი, ნეიმარი
გაძევებები: დ.ლორენტე (42), იტურა (67)
მსაჯი: ვიკანდი გარიდო

გრანადა – ხიხონი 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ელ არაბი (72 პენ.), 2:0 საკსესი (93)

ესპანიოლი – ბეტისი 0:3 (0:2)

გოლები: 0:1 რ.კასტრო (10), 0:2 პაცელა (20), 0:3 ვარგასი (71)

თეგებილა ლიგა
0.172006