ევროლიგის ტოპ-16-ის მე-9 ტურში მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკამ” ზაგრებში ჯეიკობ პულენის “ცედევიტას” მნიშვნელოვანი მატჩი 83:77 მოუგო, საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა კი გამორჩეულად ითამაშეს.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე პულენი გახდა, რომელმაც 32:33 წუთში 26 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. პულენმა 5-ვე ორქულიანი, 7-ვე საჯარიმო და 8-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 8-ჯერ დაჯარიმდნენ.
შორეული დისტანციიდან დიდებულად უტევდა მარკოიშვილი, რომელმაც 18:55 წუთში 4-ვე სამქულიანი გამოიყენა, რასაც 3-დან 1 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო წაამატა. ქართველ კალათბურთელს აქტივში თითო მოხსნა, ჩაჭრა და პასიც ჰქონდა. მანუმ 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
მარკოიშვილის სარგებლიანობის კოეფიციენტი 15 გახლდათ, რითაც იგი სტუმართა რიგებში მხოლოდ მარკუს სლოტერს ჩამორჩა. ამერიკელმა ფორვარდმა 26:12 წუთში 17 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მოაგროვა.
“დარუშაფაკამ” 6 მარცხის წილ მე-3 გამარჯვება იზეიმა და პლეი-ოფში გასვლის შანსი შეინარჩუნა. თურქულ კლუბს E ჯგუფში მე-6 ადგილი უკავია, მომდევნო მატჩს კი, 11 მარტს, შინ, ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ, ასევე სტამბოლურ “ეფეს პილსენთან” ჩაატარებს.