ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია (UEFA) კლუბების მიერ დამოუკიდებელი ტურნირის შექმნის შესაძლებლობას გამოიცხავს. უეფა გამოეხმაურა ახლახან გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ, რომ წამყვანი კლუბები ჩემპიონთა ლიგის დატოვებას და ევროპული ლიგის შექმნას აპირებენ. როგორც Telegraph-ი იტყობინება, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მზად არიან ამჟამად არსებულ ევროტურნირებში კონკრეტული ცვლილებების შეტანის წინადადებები განიხილონ, თუმცა მათ მნიშვნელოვან გადაკეთებას ან ახალი ლიგის შექმნას არ დაუშვებენ.
გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონში ინგლისური გრანდების ხელმძღვანელები შეიკრიბნენ და ახალი ევროპული ლიგის შექმნის იდეა განიხილეს, რომელშიც მონაწილეობას მიწვევით მიიღებდნენ ევროპის წამყვანი კლუბები (იხილეთ ვრცლად). თუმცა, შეხვედრის შესახებ ინფორმაცია დასახელებული კლუბების უმრავლესობამ მალევე უარყო.