ფეხბურთი

19:09 | 2.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ლაციო” პრანდელის ფეხბურთში აბრუნებს

რომის “ლაციოს” ხელმძღვანელობა გუნდის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, სტეფანო პიოლის მუშაობით უკმაყოფილოა და მის ჩანაცვლებას ჩეზარე პრანდელით აპირებს. როგორც “კორიერე დელო სპორტი” გვამცნობს, იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რომაული გუნდის შესაძლო თავკაცთა შორის ნომერ პირველი ფავორიტია. მოგეხსენებათ, ჩეზარე წელიწადზე მეტია უმუშევარია, მას შემდგომ, რაც სტამბოლის “გალათასარაი” დატოვა.

ნახსენებია კიდევ ორი გვარი: “ლაციოს” ყოფილი ფეხბურთელები, კრისტიან ბროკი, რომელსაც სამწვრთნელო გამოცდილება ჯერ კიდევ არ აქვს და მასიმო ოდო. ეს უკანასკნელი იტალიის სერია B-ს ბინადარ “პესკარას” ავარჯიშებს. “დელფინები” იტალიის ქვედა ლიგაში მესამე ადგილზე არიან და სერია A-ში გადასვლის რეალური შანსი გააჩნიათ.

რაც შეეხება პიოლის, მას “არწივებთან” კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მაგრამ მიმდინარე სეზონს გუნდი წარუმატებლად ატარებს. შარშან “ლაციალემ” ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა, თუმცა იქ ლევერკუზენის “ბაიერთან” დამარცხდა. იტალიის თასს კარგა ხანია დაემშვიდობა, ხოლო იტალიის ჩემპიონატში სალიგო ზონას 16 ქულა აშორებს. პიოლის ერთადერთი იმედი წელს ევროპა ლიგა თუ იქნება, სადაც დედაქალაქური გუნდი მერვედფინალშია გასული და პრაღის “სპარტას” ეთამაშება.

0.111556