ფეხბურთი

13:41 | 2.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

მესი: “რონალდუს პატივს ვცემ, მეტი არაფერი”

არგენტინის ეროვნული ნაკრების და “ბარსელონას” თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუს მხოლოდ პატივს სცემს, კონკურენტები არიან და პორტუგალიელთან მეგობრობა არ აკავშირებს.

21-ე საუკუნეში სამხრეთამერიკელსა და მადრიდის “რეალის” თავდამსხმელს შორის მძაფრი კონკურენციაა. მსოფლიოში არ მოიძებნება ადგილი, სადაც მესის და რონალდუს შედარება არ ხდება და სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს. აგრეთვე ვრცელდება ხოლმე ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ამ ორი ფეხბურთელს შორის დაძაბული ურთიერთობაა. თუმცა ორივე მოთამაშე ამ ჭორებს უარყოფს.

“პროფესიონალები ვართ და ჩვენი გუნდების ღირსებას ვიცავთ, ერთმანეთის კონკურენტები ვართ. ხანდახან ჩვენ ვიგებთ ან ვაგებთ. მის მიმართ ყოველთვის მაქვს პატივისცემა და მეტი არაფერი.” – ციტირებს ELG რაფიცო მესის სიტყვებს.

მესის საკლუბო მიღწევებში ლა ლიგის 7, ესპანეთის თასის 3 და ჩემპიონთა ლიგის 4 ტიტული ფიგურირებს. “ბარსელონას” რიგებში საკლუბო დონეზე ყველაფერს მიაღწია, თუმცა ნაკრებში ღირებული წარმატება არ აქვს. ლიონელმა 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მარცხი განიცადა, ასევე გადამწყვეტი შეხვედრები არგენტინამ კოპა ამერიკის 2007 და 2015 წლების ფინალში ვერ მოიგო.

28 წლის მესის ნაკრებში 49 გოლი აქვს გატანილი და “ალბისელესტეს” რეკორდსმენ გაბრიელ ბატისტუტას 8 გოლით ჩამორჩება. ლიონელისთვის მოტივაცია პირადი მიღწევები არაა.

“უპირატესობას სანაკრებო ტიტულს ვანიჭებ. არ მაინტერესებს რეკორდები. ინდივიდუალური შედეგები აქვეა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ტურნირები მოგებული გაქვს.” – აღნიშნა მესიმ.

კარიერის განმავლობაში მესიმ “ბარსელონას” რიგებში 515 მატჩი ჩაატარა და მეტოქეები 442-ჯერ დაამწუხრა. ეროვნულ ნაკრებში 28 წლის ასაკში უკვე 105 მატჩი აქვს ჩატარებული. მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად 5-ჯერ აღიარეს, რაც სარეკორდოა.

0.117914