თბილისის “ვითას” გენერალური მენეჯერის ლევან მიქელაძის განცხადებით, კლუბისთვის ვთბ-ლიგაში დარჩენა მნიშვნელოვანია და ეს საკითხი სეზონის დასრულების შემდეგ გადაწყდება. მიქელაძემ ამ თემაზე რუსულ Р-Спорт-თან ისაუბრა.
“ვთბ-ლიგაში სადებიუტო სეზონი ჩვენთვის კარგ ტესტად იქცა და მას გარკვეულწილად გამოსაცდელ ვადად განვიხილავთ, რაც კლუბის განვითარებისთვის და დიდ ტურნირებში სამომავლო მონაწილეობისთვის გვჭირდება. ჩვენთვის და მთლიანად ქართული კალათბურთისთვის ვთბ-ლიგაში დარჩენა მნიშვნელოვანია, თუმცა, სეზონის დასრულებამდე, ვერაფერი გადაწყდება.
რასაკვირველია, საკვანძო ფინანსების თემაა. საქართველო პატარა ქვეყანაა, ასეთი დონის კლუბის შენახვისთვის კი გარკვეული შესაძლებლობებია საჭირო. მიმდინარე სეზონში რესურსები არ გვეყო, რათა ლიგაში, რომელშიც ევროპული გრანდები თამაშობენ, კარგი შედეგები გვეჩვენებინა”, - განაცხადა მიქელაძემ.