გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი ექვსი ერის თასის მესამე ტურის სიმბოლურ ნაკრებს აქვეყნებს. რაზმში ყველაზე მეტი - 5 წარმომადგენელი ინგლისის ეროვნულ ნაკრებს ჰყავს.
- რობ ევანსი (უელსი) - 23 წლის ევანსი მთელი ტურნირის განმავლობაში კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, განსაკუთრებულად კარგად იგი საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ იდგა.
- გიამ გირადო (საფრანგეთი) - საფრანგეთის ნაკრების ახალი კაპიტანი წინამორბედ, ტიერი დუსეტუარის მსგავსად, საკუთარ რაზმს როგორც მორალურად, ასევე თამაშშიც უძღვება.
- ვილიამ ნეი (შოტლანდია) - სკოტების შერკინებამ იტალიისა აშკარად დაჯაბნა და ამ გამარჯვებაში უდიდესი როლი სწორედ 29 წლის ნეიმ ითამაშა.
- დონაკა რაიანი (ირლანდია) - ინგლისთან მატჩის დაწყებამდე, ჰიმნის შესრულების დროს, რაიანს სახეზე ეწერა, რომ იგი დიდ ბრძოლაში მიდიოდა. მან კარგად იბრძოლა „თვიქენჰემზე“, თუმცა მისი გუნდი დამარცხდა.
- მარო იტოჯე (ინგლისი) - 21 წლის მეორეხაზელმა ნაკრებში სულ რაღაც მეორე მატჩი ჩაატარა და მაყურებელს თავი კარგი თამაშით დაამახსოვრა. მართალია, იტოჯეს მთლად ოკონელის დონეზე არ უთამაშია (რომელსაც ხშირად ადარებენ), მაგრამ მან სიმბულურში მოხვედრა მაინც შეძლო.
- ჯონ ბარკლი (შოტლანდია) - სკოტმა მესამეხაზელმა იტალიასთან გამარჯვებაში დიდი როლი შეასრულა.
- სემ ვერბარტონი (უელსი) - რომ არა ბილი ვუნიპოლას შესანიშნავი თამაში ირლანდიის ნაკრებთან, ალბათ ტურის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ ვერბარტონს დაასახელებდნენ. უელსის კაპიტანი, როგორც ჩანს, 7 ნომერზე უფრო კომფორტულად გრძნობს თავს.
- ბილი ვუნიპოლა (ინგლისი) - ბილი ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. დიდი ალბათობით, ჩემპიონი უელსისა და ინგლისის დაპირისპირებაში გაირკვევა, ხოლო იმ მატჩში მესამეხაზის ჯახი დიდ რამეს გადაწყვეტს - ვუნიპოლა ფალეტაუს წინააღმდეგ.
- გრეიგ ლეიდლოუ (შოტლანდია) - ლეიდლოუ ნაკრების ნამდვილი ხელმძღვანელი იყო და ჭკვიანურად ანაწილებდა ბურთებს. მას წლევანდელ გათამაშებაში ყველაზე მეტი ქულა აქვს დაგროვილი.
- დენ ბიგარი (უელსი) - იგი ხშირად ეშმაკურ გადაწყვეტილებებს იღებდა და აბნევდა საფრანგეთის დაცვას.
- ჯეკ ნოუელი (ინგლისი) - მან ინგლისი 65-ე წუთზე აშკარა ლელოსგან იხსნა, როცა ჰენშოუს დაწევა და აუტში გადაყვანა მოახერხა. ეს ეპიზოდი მატჩის ერთ-ერთი მშვენება იყო.
- ოუენ ფარელი (ინგლისი) - ფარელი ძალიან კარგ ფორმაშია, მეორე ლელოს ეპიზოდში მან ბრწყინვალე პასი მისცა მაიკ ბრაუნს.
- ჯონათან დევისი (უელსი) - მისმა ფეხით თამაშმა და ჯორჯ ნორთის სიმარდემ უელსს ლელო მოუტანა. როცა დევისი ფორმაშია „დრაკონები“ დამშვიდებულნი არიან.
- ენტონი უოტსონი (ინგლისი) - ახალგაზრდა გარემარბმა ძალიან დიდი სისწრაფე და სისხარტე აჩვენა.
- სტუარდ ჰოგი (შოტლანდია) - მნიშვნელობა არ აქვს თუ როგორ თამაშობს შოტლანდიის ნაკრები, ჰოგი სულ მოწოდების სიმაღლეზეა. მან სეიმორის ლელოში ლომის წვლილი დაიდო.
უჩა გოგიძე
წყარო - www.worldrugby.ge