თბილისის “ვითამ” ვთბ-ლიგაში ზედიზედ 23-ე მატჩი წააგო, თუმცა, ყაზანის “უნიკსთან” გასვლით თამაშში მოულოდნელად დიდხანს გასძლო და ფარ-ხმალი მხოლოდ დასკვნით მეოთხედში დაყარა – 57:81 (13:15, 21:22, 15:21, 8:23).
ნიკოლაის მაზურსის მიერ დარიგებული “ვითა” რუსეთს 8 კალათბურთელით ესტუმრა, მოედანზე კი მათგან მხოლოდ 7 გავიდა.
ტრადიციულად, მატჩის სიმძიმემ ლეგიონერებზე გადაიარა. ამერიკელმა ომარ ტომასმა შეუცვლელად ითამაშა და 21 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა, უკრაინელმა კონსტანტინ ანიკიენკომ 14 ქულა ჩააგდო, რუსმა ვლადისლავ სტარატელევმა კი – 11.
თბილისური კლუბის რიგებში ვეღარ ვიხილეთ ანდრე ჯონსი, კიდევ ერთმა ამერიკელმა დანიელ ბეჯარანომ კი თამაში აშკარად ჩააგდო. მან 12-დან მხოლოდ 2 ტყორცნა გამოიყენა და 33:16 წუთში ექვს ქულას დასჯერდა.
კიდევ უფრო უარესი მაჩვენებელი ჰქონდა ქართველ უკანახაზელ ბექა წივწივაძეს, რომელმაც 37:41 წუთში ათივე (!) ტყორცნა გააცუდა და უქულოდ დარჩა.
“მადლობას ვუხდი ყაზანის ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებიც დარბაზში ჩვენს მხარდასაჭერად მოვიდნენ. ვიცოდით, რომ მოგების დიდი შანსი არ გვქონდა და რაც შევძელით, გავაკეთეთ, თუმცა, ბოლოსკენ ძალები აღარ გვეყო. მთლიანობაში, პოზიტიური მატჩი ჩავატარეთ. ძალიან სარგებლიანად ითამაშა ცენტრმა ანიკიენკომ და ომარ ტომასიც უნდა შევაქო, რომლის მეურვეობაც მეტოქეს ძალიან გაუჭირდა”, - აღნიშნა შეხვედრის შემდეგ მაზურსმა.
“ვითა” მომდევნო მატჩს 6 მარტს, თბილისში, კრასნოიარსკის “ენისეის” წინააღმდეგ ჩაატარებს, რომელსაც 7 მოგებით მე-10 ადგილი უკავია.