ფეხბურთი

1:54 | 28.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონი: კანკავამ “ბორდოსთან” მოიგო, ქეცბაიას აპოელი ტემპს არ აგდებს

საფრანგეთის ლიგა1-ში წარმატებული ტური ჰქონდა ჯაბა კანკავას და მის “რეიმსს”: კერძოდ, “ბორდოს” 4:1 მოუგეს და საჭირო სამი ქულა აიღეს. რეიმსელები ბოლოდან მეოთხე ადგილზე არიან. კანკავამ შეუცვლელად ითამაშა და საკმაოდ პროდუქტიულადაც.

არნემის “ვიტესმა” კი მოულოდნელად, შინ ვერ მოუგო “ვილემ II”ს. მოგებას ვინ ჩივის, წააგო 0:1. გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, ვაკო ყაზაიშვილი კი 81-ე წუთზე შეცვალეს. არნემელები ჯერ მეექვსე ადგილზე არიან და ევროპის ლიგაზე გასვლის შანსიც აქვთ, მაგრამ ასეთი შედეგი შემდგომშიც თუ გამოურიეს, გაუჭირდებათ...

იტალიის სერია ა-ში “ემპოლიმ” შინ 1:3 წააგო “რომასთან” და მეათე ადგილზეა. ლევან მჭედლიძე 72-ე წუთზე შეიყვანეს მინდორზე - მასიმო მაკარონეს ნაცვლად.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში “ფრაიბურგმა” “კაიზერსლაუტერნს” 2:0 მოუგო და მეორე ადგილზეა. ლუკა ჰუფნაგელი “ფრაიბურგის” განაცხადში არ ყოფილა. მესამე ბუნდესლიგაში კი გიორგი პაპუნაშვილმა 80 წუთი ითამაშა “ვერდერის” დუბლებში: პაპუნაშვილის გუნდმა სტუმრად 1:0 სძლია “სონენჰოფს”.

სლოვაკეთში აკაკი ხუბუტიას “მიხალოვცე” შინ 0:1 დამარცხდა “ტრნავასთან” და ბოლოდან მეორე ადგილზეა. ხუბუტიამ 90 წუთი ითამაშა.

კვიპროსზე თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა აპოელ-მა შინ 3:0 სძლია “აია ნაპას” და პირველ ადგილზეა. ლევან ხმალაძის “პაფოსმა” 2:0 აჯობა “ერმისს” და მეათე (ბოლოდან მეხუთე) პოზიციაზეა. ხმალაძემ შეუცვლელად ითამაშა. ირაკლი მაისურაძის “ანორთოსისი” კი 0:0-ზე გაეყარა “არისს” და მეოთხე პოზიციაზეა. მაისურაძემ 90წუთი ითამაშა.

აზერბაიჯანში ზაურ სვანაძის გაწვრთნილმა “ინტერმა” შინ 1:1 დაასრულა მატჩი ლიდერ “ყარაბაღთან” და მეოთხე ადგილზეა. ლაშა სალუქვაძემ და ნიკა კვეკვესკირმა შეუცვლელად ითამაშეს. ლაშა კასრაძე და ზურაბ ხიზანიშვილი ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულან, გიორგი ლომაია კი სათადარიგო იყო და ყვითელი ბარათი მიიღო... მსაჯის გადაწყვეტილება გააპროტესტა და ამიტომ გააფრთხილეს. მანამდე კვეკვესკირსაც უჩვენეს ყვითელი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.127853