ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” 18 წლის ფეხბურთელი მარკუს რეშფორდი კლუბის ისტორიაში შევიდა. საქმე ისაა, რომ ინგლისელმა თავდამსხმელმა ხუთშაბათს ევროპა ლიგის მეთექვსმეტედფინალის განმეორებით მატჩში დანიურ “მიდტიულანდს” ორი გოლი გაუტანა, რითაც “წითელი ეშმაკების” ისტორიაში ევროტურნირებზე ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე გახდა. თინეიჯერი ფორვარდი გუშინ 18 წლის და 117 დღის გახლდათ. წინა რეკორდი კი მანჩესტერული კლუბის ლეგენდას, აწ გარდაცვლილ ჯორჯ ბესტს ეკუთვნოდა – ჩრდილოეთ ირლანდიელმა 1964-1965 წლების სეზონში შვედური “დიურგარდენის” (6:1) კარი 18 წლისა და 158 დღის ასაკში აიღო.
რაც შეეხება რეშფორდს, “მიდტიულანდთან” მას პირველ გუნდში დებიუტი ჰქონდა. მანამდე “ლესტერთან” და “უოტფორდთან” მატჩებისას ლუის ვან გაალმა ნიჭიერი თავდამსხმელი განაცხადში შეიყვანა, მაგრამ თამაშის საშუალება არ მიუცია. წლეულს რეშფორდს ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე 5 ჩატარებულ შეხვედრაში 3 გოლი გაუტანია.