20 წელზე მეტია რაც რაგბი პროფესიონალური გახდა და ნელ-ნელა მსოფლიოს წამყვან კლუბებს და მოთამაშეებსაც, ფული გაუჩნდათ. მართალია მათი შემოსავლები ფეხბურთელებისა და კალათბურთელების ანაზღაურებასთან ახლოსაც ვერ მივა, მაგრამ ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია.
ფრანგულმა გამოცემა Le Figaro-მ სიტუაცია შეისწავლა და აღმოჩნდა, რომ დღეისათვის პლანეტის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეები ახალზელანდიელი დენ კარტერი და იაპონელი აუიუმუ გორომარუ არიან. პირველი საფრანგეთის ტოპ 14-ის ლიდერ „რასინგში“ 2015 წლის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ გადავიდა, ხოლო მეორე, სუპერ რაგბის ავსტრალიურ კლუბ „რედსში“ თამაშობს. მათი წლიური ანაზღაურება 1,8 მილიონ ევროს შეადგენს.
გავრცელებული ინფორმაციით, წყვილს შესაძლოა ავსტრალიის ნაკრების მორკინალი დევიდ პოკოკი შეუერთდეს, რომელსაც ინგლისური „უოსპსი“ წლიური ანაზღაურების სახით ასევე 1,8 მილიონ ევროს სთავაზობს. უფრო საინტერესო ისაა, რომ თუ გორომარუ „ტულონის“ წინადადებას დათანხმდება, მაშინ პლანეტის მაღალშემოსავლიანი მოთამაშეების სიის თავში სწორედ ის აღმოჩნდება, რადგან ფრანგები მას ხელფასის სახით 2,4 მილიონ ევროს პირდებიან.
ეს მომავლის საქმეა, მანამდე კი, მე-3-მე-5 ადგილებს სწორედ „ტულონის“ მოთამაშეები იკავებენ და ათეულში მათი მეოთხე მორაგბეცაა. სულ ტოპ 10-ში ფრანგული კლუბების 6 მოთამაშე მოხვდა, ოღონდ ფრანგი არცერთი მათგანი არაა. ორი კლუბი ირლანდიურია, თითო-თითო კი ინგლისური და ავსტრალიური.
ყველაზე მაღალანაზღაურებადი მორაგბეები:
1-2. დენ კარტერი (ახალი ზელანდია, „რასინგი 92“, საფრანგეთი) - 1,8 მილიონი ევრო
1-2. აუიუმუ გორომარუ (იაპონია, „რედსი“, ავსტრალია) - 1,8 მილიონ
3. მეტ გიტო (ავსტრალია, „ტულონი“, საფრანგეთი) - 1,1 მილიონი
4. ლი ჰალფპენი (უელსი, „ტულონი“, საფრანგეთი) - 770 ათასი
5. მაა ნონუ (ახალი ზელანდია, „ტულონი“, საფრანგეთი) - 770 ათასი
6. ჯონათან სექსტონი (ირლანდია, „ლენსტერი“, ირლანდია) - 643 ათასი
7. ჩარლი პიუტაუ (ახალი ზელანდია, „ოლსტერი“, ირლანდია) - 643 ათასი
8. ბრაიან ჰაბანა (სამხრეთ აფრიკა, „ტულონი“, საფრანგეთი) - 610 ათასი
9. მანუ ტუილაგი (ინგლისი, „ლესტერ თაიგერსი“, ინგლისი) - 578 ათასი
10. კოლინ სლეიდი (ახალი ზელანდია, „პო“, საფრანგეთუ) - 570 ათასი
წყარო - www.worldrugby.ge