უეფას გენერალური მდივანი ჯანი ინფანტინო ფიფას საპრეზიდენტო არჩევნების მოგებაში დარწმუნებულია. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის კონგრესი ციურიხში 26 თებერვალს გაიმართება.
“ვიმედოვნებ 105-ზე მეტ ხმას მივიღებ და გავიმარჯვებ. არჩევნებში დიდ მხარდაჭერას აფრიკიდან ველოდები და ვფიქრობ ამ კონტინენტიდან ხმების ნახევარზე მეტს მივიღებ.” – ციტირებს ინფანტინოს სიტყვებს “როიტერი”.
არჩევნებში ჯანის გარდა მონაწილეობას სამხრეთაფრიკელი ბიზნესმენი ტოკიო სექსველი, აზიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტი შეიხი სალმან ბინ იბრაჰიმ ალ-ხალიფა, ფიფას ყოფილი გენერალური მდივანი ჟერომ შამპანი და ფიფას ვიცე-პრეზიდენტი პრინცი ალი ბინ ალ-ჰუსეინი მიიღებენ.
როგორც ცნობილია, ევროპული საფეხბურთო ასოციაციები, მათ შორის საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ინფანტინოს უჭერენ.