ფეხბურთი

3:43 | 24.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" საპასუხოს აზრი დაუკარგა (+VIDEO)

კატალონიის “ბარსელონამ” მეოთხედფინალში გასვლის საკითხი პირველივე მატჩში გადაწყვიტა. “ბარსა” ლონდონის “არსენალთან” ისედაც ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ ახლა ძნელად წარმოსადგენია, “კამპ ნოუზე” ისეთი რამ მოხდეს, რომ ესპანელებმა ტიტულის დასაცავად ბრძოლა ვერ განაგრძონ.

საერთო ჯამში, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ლუის ენრიკეს გუნდის შეჩერება წლეულს ბევრს გაუჭირდება თუ ასეთ ფორმაში სეზონის ბოლომდე იქნება. წესით, დღეს “ბარსას” გაცილებით სოლიდური სხვაობით უნდა მოეგო, მაგრამ “არსენალი” პეტერ ჩეხმა არაერთხელ გადაარჩინა აშკარა გაშვებულ გოლს. ისე, უშანსოდ არც არსენ ვენგერის ბიჭები ყოფილან და რამდენჯერმე, გოლის გატანასთან ახლოსაც იყვნენ. თუმცა ეს, მანამ ხდებოდა, სანამ “ბარსელონა” დაწინაურდებოდა. ლიონელ მესის გოლამდე რამდენიმე წუთით ადრე ოლივიე ჟირუს ყველაზე კარგი შანსი ჰქონდა – ფრანგი თავით ურტყამდა და გოლიც გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა თავისიანები საუცხოო სეივით გადაარჩინა.

მერე კი, ლონდონელები შეტევაში გაერთნენ და კონტრშეტევა გამოეპარათ – ნეიმარმა მესი მოძებნა, რომელიც ჩეხთან პირისპირ დარჩა და ბოძებული შანსი არ გაანიავა – 0:1. დარჩენილ დროში კატალონელები სრულად აკონტროლებდნენ თამაშს და გაიტანეს კიდეც. მატიე ფლამინის საჯარიმოში ჩაეძინა და მესი წააქცია, პენალტი არგენტინელმა თავადვე დაარტყა და ზუსტადაც. მანამდე რეალური შანსი ლუის სუარესსაც მიეცა, მაგრამ ურუგვაელს ხელი ჩეხმა და ძელმა ერთობლივად შეუშალეს.

საბოლოოდ, “ემირეითს სთედიუმზე” გამოჩნდა, რომ “არსენალი” მაღალი დონის გუნდია, მაგრამ “ბარსელონა” სხვა პლანეტაზეა. ისიც აღსანიშნავია, რომ ლუის ენრიკეს დრევანდელ მატჩში შეცვლა საერთოდ არ გამოუყენებია. ჰო, როგორც იქნა მესი ტრადიცია დაარღვია და პეტერ ჩეხს მეშვიდე ცდაზე გოლი გაუტანა.

ახლა, სამი კვირის თავზე განმეორებით მატჩს “კამპ ნოუ” უმასპინძლებს. ეს ფორმალურად, თორემ ისე ყველაფრი გარკევულია.

“არსენალი” – “ბარსელონა” 0:2 (0:0) (მიმოხილვა)

ლონდონი, “ემირეითს სთედიუმი”

მაყურებელი: 59 889

“არსენალი” (4-2-3-1): ჩეხი; ბელერინი, მერტესაკერი, კოშელნი, მონრეალი; რემსი, კოკელნი (ფლამინი 82); ოქსლეიდ-ჩემბერლენი (უოლკოტი 50), იოზილი, სანჩესი; ჟირუ (უელბეკი 73)

მწვრთნელი: არსენ ვენგერი

“ბარსელონა” (4-3-3): ტერ შტეგენი; დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა; რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა; მესი, სუარესი, ნეიმარი

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლები: 0:1 მესი (71), 0:2 მესი (84, პენ)

გაფრთხილება: მონრეალი (6) – პიკე (85)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (2) – 16 (5) ბურთის ფლობა: 35%-65% კუთხურები: 1:7 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: ჩიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)

0.440428