ფეხბურთი

23:53 | 23.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

მანოლო იერო – 1 მარტიდან “საბურთალოს” ახალი სპორტული დირექტორი

“საბურთალოს” სპორტული დირექტორი ესპანელი მანოლო იერო იქნება. ეს ინფორმაცია “მსოფლიო სპორტმა” “საბურთალოს” დირექტორ კახა კაშიასგან შეიტყო. მანოლო იერო მადრიდის “რეალისა” და ესპანური ფეხბურთის ლეგენდის, ფერნანდო იეროს უფროსი ძმა გახლავთ.
მანოლო იერო 53 წლისაა. 6 წელი (1980-1986) თამაშობდა “მალაგაში”, შემდეგ ორი სეზონი “ვალიადოლიდში”, კიდევ ერთი წელი “ბარსელონაშიც” კი იყო, მერე კი “ბეტისსა” და “ტენერიფეშიც”. მანოლო იერო მცველი გახლდათ.
მანოლო იერომ ერთი წელი იმუშავა “მალაგას” სპორტულ დირექტორად – ეს 2006 წელს. მერე ქვედადივიზიონელ “პუერტოლიანოშიც” ეკავა ეს პოსტი.
ფერნანდო იეროს კარგი კავშირი ჩამოუყალიბდა “საბურთალოსთან” და ეს ქართული კლუბის მადრიდის “რეალთან” თანამშრომლობაშიც გადაიზარდა. ფერნანდო იერო სამიოდე თვის წინ საქართველოშიც იყო ჩამოსული სპორტის სამინისტროს (პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი) მოწვევით, ასევე შეხვდა სფფ-ის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილსა და ფედერაციის სხვა ხელმძღვანელებს.
მანოლო იერო 1 მარტიდან ოფიციალურად იმუშავებს “საბურთალოს” სპორტულ დირექტორად. ის იქნება საბურთალოელთა ასაკობრივი გუნდების კურატორიც.
ასევე შევიტყვეთ, რომ “საბურთალოში” ზაფხულიდან იმუშავებს ესპანელი ფიზმომზადების მწვრთნელი. მისი გვარი ჯერჯერობით ვერ შევიტყვეთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135367