24 თებერვალს, სოფელ ნატახტარში საქართველოს რაგბის კავშირსა და კომპანია„ნატახტარს“ შორის სასპონსორო ხელშეკრულება გაფორმდება, რომლის თანახმად საქართველოს რაგბის კავშირი კომპანიისგან რაგბის განვითარებისათვის, ჯამში 1 მილიონ ლარს მიიღებს. ამით კომპანია ნატახტარი, რვა წლის თანამშრომლობასა და მხარდაჭერას კიდევ ოთხი წლით გაახანგრძლივებს.
მემორანდუმს ხელს „ნატახტარის“ მარკეტინგის დირექტორი თორნიკე ნიკოლაიშვილი და რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე მოაწერენ. ხელშეკრულების თანახმად, რაგბის კავშირი კომპანინისგან ოთხი წლის განმავლობაში მიიღებს ერთ მილიონ ლარს და ეს თანხა ქართული რაგბის განვითარებას მოხმარდება. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს 2019 წლის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნებისთვის პრემიალური ანაზღაურების გამოყოფას, დამატებით 150 000 ლარის ოდენობით.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, კომპანიისა და რაგბის კავშირის წარმომადგენლები ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებენ. ღონისძიებას დაესწრებიან კომპანია „ნატახტარის“, საქართველოს რაგბის კავშირის, ქართული სპორტული მედიის წარმომადგენლები და ბორჯღალოსნები.
მნიშვნელოვანია, რომ კომპანია „ნატახტარის“ სოციალური პასუხისმგებლობისათვის ქართული სპორტის განვითარების ხელშეწყობას ერთ-ერთ პრიორიტეტად ასახელებენ. შეგახსენებთ, რომ კომპანია ქართული რაგბის სპონსორი 2008 წლიდანაა.
www.rugby.ge