დღეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა მეორე წრის პირველი ტურით განახლდა. მე-16 ტურის დასკვნით შეხვედრაში თბილისში, “მიხეილ მესხზე” ადგილობრივმა “ლოკომოტივმა” საჩხერის “ჩიხურას” უმასპინძლა და მარცხს ბოლო წუთებში გადაურჩა.
ზამთრის პაუზის დროს “ლოკომოტივი” საკმაოდ საინტერესო სატრანსფერო პოლიტიკით გამოირჩა და გვარიანადაც გაძლიერდა, რის გამოც მეორე წრეში ჟერარ სარაგოსას გუნდისგან სპეციალისტები აშკარად მეტს მოელიან. თუმცა, პირველ მატჩში “ლოკოს” მაინც ქულის გადარჩენისთვის მოუწია ბრძოლა.
დღევანდელ შეხვედრა საინტერესო საყურებელი გამოდგა და გულშემატკივარმა ოთხი გატანილი გოლი იხლია: თანაბრად, ორ-ორი თითო ტაიმში. თავიდან იმერლები დავით კირკიტაძემ დააწინაურა, როცა შეხვედრის 25-ე წუთი მიმდინარეობდა. ტაიმის დასასრულს მასპინძლებმა გათანაბრება შეძლეს – გოლი მამია გავაშელიშვილის ანგარიშზეა, 1:1.
იგივე სცენარით წარიმართა მეორე 45 წუთიც. ჯერ სტუმრები დაწინაურდნენ და მერე “რკინიგზელებმა” ისევ გაქვითეს. კერძოდ, 77-ე წუთზე ლაშა ჩიკვაიძემ, ხოლო ხუთი წუთის შემდეგ გიორგი კიკნაძემ იხეირა.
დარჩენილ დროში მეტი გოლი აღარ გასულა და გუნდები ქულას დასჯერდნენ.
“ლოკომოტივი” – “ჩიხურა” 2:2 (1:1)
თბილისი, “მიხეილ მესხი”
გოლები: 0:1 კირკიტაძე (25), 1:1 გავაშელიშვილი (39), 1:2 ჩიკვაიძე (77), 2:2 კიკნაძე (82)