საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობამ გოგონათა ასაკობრივი ნაკრებების მთავარი მწვრთნელები და მათი ასისტენტები დაამტკიცა.
მოგეხსენებათ, 16 და 18 წლამდე გოგონათა ნაკრებებს 2016 წლის ზაფხულს ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში მოუწევს ასპარეზობა. 18-წლამდელთა C დივიზიონს სულაც თბილისი უმასპინძლებს: 8-13 ივლისს საქართველოში ანდორის, სომხეთის, უელსის, მალტის, გიბრალტარის და კოსოვოს ნაკრებები ჩამოვლენ.
რაც შეეხებათ 16-წლამდელებს, ჩვენი ნაკრები ანდორაში 18-23 ივლისს იასპარეზებს და ჯგუფში მასპინძელი ანდორა და გიბრალტარი ეყოლება, ხოლო მეორე ჯგუფს უელსი, კოსოვო და მალტა შეავსებენ.
ფედერაციის გამგეობის გადაწყვეტილებით 16-წლამდელთა ნაკრებს ვალენტინ დერიუგინი გაწვრთნის, რომელსაც 2 ასისტენტი ეყოლება – შოთა იაქაშვილი და ნინო ყიფშიძე. 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლელა ცანავა იქნება, ხოლო მისი ასისტენტები – როლანდ გელოვანი და ია გოგლიჩიძე.
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები შეთამაშებისა და გამოცდილების მიღების მიზნით, თბილისის ვაჟთა 14-წლამდელთა „ბ“ ლიგაში იასპარეზებს. რაც შეეხება გოგონათა პირველობებს, მარტის თვეში სტარტს აიღებს საქართველოს ქალთა ლიგა და ასევე 16 და 19-წლამდელთა ჩემპიონატები.
www.gbf.ge