“მილანის” და ლონდონის “ჩელსის” ყოფილი თავდამსხმელი ანდრეი შევჩენკო უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის მიხაილო ფომენკოს ასისტენტად დაინიშნა. 2004 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა აღნიშნულ თანამდებობაზე ალექსანდრ ზავაროვი შეცვალა.
შევჩენკომ ეროვნულ გუნდში 111 მატჩი ჩაატარა და 48 გოლი გაიტანა. უკრაინიასთან ერთად ის 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატსა და 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობდა.
2012 წელს შევჩენკომ უკრაინის დამრიგებლობა იუარა. ანდრეიმ აღნიშნა, რომ მას არ აქვს საკმარისი კვალიფიკაცია, რათა მთავარი მწვრთნელი გახდეს. 2015 წლის მარტში უეფას პრო ლიცენზიის პროგრამა წარმატებით დაძლია და ახლა ფომენკოს თანაშემწე გახდა.
“თითქმის 4-წლიანი შესვენების შემდეგ, დიდ ფეხბურთს მწვრთნელის რანგში დავუბრუნდი. ვალერი ლობანოვსკის, კარლო ანჩელოტის და ჟოზე მოურინიოს გვერდით ვმუშაობდი და მათგან დიდი გამოცდილება მივიღე. სამწვრთნელო კურსები ჩემი საფეხბურთო ხედვის განვითარებაში დამეხმარა და იმედია მომავალშიც წამადგება.” – განუცხადა უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდს შევჩენკომ.
ყოფილმა ფეხბურთელმა ევრო 2016-ზე უკრაინელთა შანსებზე ისაუბრა და ხმამაღალი განცხადება გააკეთა - უკრაინას ევროპის ჩემპიონატის ფავორიტად ვთვლიო.
უკრაინის ეროვნული ნაკრები საფრანგეთში გასამართი ტურნირზე C ჯგუფში მოხვდა და მეტოქეებად გერმანიის, პოლონეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებები ეყოლება.