საქართველოს 20-წლამდელთა საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგი ტურის სამ მატჩს გუშინ თბილისის ახალმა სპორტის სასახლემ უმასპინძლა.
პირველივე შეხვედრა საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ერთმანეთს ცხრილში ბოლო 2 ადგილზე მყოფი გუნდები - „რუსთავი“ და „მაკაბი“ ხვდებოდნენ.
მაკაბელები ბოლო ადგილზე იყვნენ და რუსთაველებს 1 ქულით ჩამორჩებოდნენ, თუმცა გასული გამარჯვების შემდეგ, ჩამორჩენა აღმოფხვრეს და ქვემოქართლელებს ცხრილში გაუთანაბრდნენ.
მატჩი თანაბარი გამოდგა და მისი ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა. მეოთხე პერიოდის დაწყებამდე ანგარიში თანაბარი გახლდათ, დასკვნით წუთებზე კი მაკაბელებმა იყოჩაღეს და გამარჯვებამდე მივიდნენ - 83:78.
„მაკაბიში“ 21 ქულით ბომბარდირი თორნიკე გოგელაშვილი გახდა, დავით დადუნაშვილმა კი ორმაგი დუბლი – 18 ქულა, 15 მოხსნა – შეასრულა. რუსთაველთაგან 18 ქულითა და 13 მოხსნით ირაკლი წიქარიშვილი გამოირჩა.
მეორე მატჩში ერთმანეთს გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი „აკადემია“ და „ვითა“ შეხვდნენ. პირველი შეხვედრის მსგავსად, ამ მატჩის ბედიც ბოლო წუთებზე გადაწყდა.
თითქმის მთელი დროის განმავლობაში, გუნდები თანაბრად მიდიოდნენ. აკადემიელები მცირედით, თუმცა უფრო ხშირად იყვნენ წინ. გადამწყვეტ წუთებში ანრი რუხაძის, გიორგი კორსანტიასა და ნიკა ჭიჭვეიშვილის წინამძღოლობით, ვითელებმა გასამარჯვებლად საკმარისი უპირატესობა მოიპოვეს – 84:74.
კორსანტიამ 23 ქულა და ამდენივე მოხსნა მიითვალა, რუხაძემ თავი 21 ქულას მოუყარა, ბომბარდირი კი ნიკა ჭიჭვეიშვილი გახდა 26 ქულით.
დღის ბოლო მატჩმა არ გაამართლა. ლიდერმა „სოხუმმა“ ადვილად დასძლია „ქუთაისის“ წინააღმდეგობა და იმერულ კლუბს 24 ქულის სხვაობით – 84:60 მოიგო.
სოხუმელებმა გუნდურად ითამაშეს და 5 მათგანი 10-ქულიან ზღვარს ასცდა. 17 ქულა დააგროვა თორნიკე გაგუამ, ხოლო სამმა კალათბურთელმა – დავით ლომიძემ, ტატო ზუზაძემ და ლუკა ბულიავამ 13-13 ქულა მიითვალა.
მომდევნო, მე-15 ტურის მატჩები ახალ სპორტის სასახლეში 1 მარტს გაიმართება.