"გასაკვირია, როგორ მოხვდა ერთი და იგივე პრეპარატი 6 ადამიანის ორგანიზმში", - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მანუჩარ კვირკველიამ განუცხადა. მისი თქმით, მოჭიდავეები შეწუხებულები არიან და ბრალდებებს არ ეთანხმებიან.
"სამწუხაროა, რაც მოხდა. ბიჭები შეწუხებულები არიან და არ ეთანხმებიან ბრალდებებს. აღსანიშნავია, რომ თავისუფლად ჩააბარეს ტესტი და არანაირი აკრძალული პრეპარატი მათ ორგანიზმში არ იყო. საინტერესოა, ერთი პრეპარატი როგორ მოხვდა 6 ადამიანის ორგანიზმში", - აღნიშნა კვირკველიამ.
მისივე თქმით, სპორტსმენები შედეგებს გაასაჩივრებენ. "გასაჩივრება მოხდება იმავე ლაბორატორიაში, რომელმაც მათ ეს პრეპარატი აღმოუჩინა. ბიჭები მზად არიან გაწიონ ხარჯი, ჩავიდნენ ვენაში და თავადვე დაესწრონ დამატებითი სინჯების აღებას", - აღნიშნა კვირკველიამ.
მანუჩარ კვირკველია მოუწოდებს საქართველოს ანტიდპონგური სამსახურის სადისციპლინო კომიტეტს, მოჭიდავეებს მკაცრი სასჯელი არ გამოუტანოს და მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლოს.
რაც შეეხება ერთი სპორტსმენის მხრიდან აღიარებას, კვირკველია აღნიშნულს ადასტურებს. თუმცა, მისივე თქმით, სპორტსმენმა განაცხადა, რომ ეს პრეპარატი ახალი აკრძალულია და ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.
www.ipn.ge