თურქეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-18 ტურის ერთ-ერთ დასკვნით მატჩში მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკამ” “უშაკ სპორტიფს” უმასპინძლა და მოულოდნელად იოლად სძლია – 92:52.
ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 17:48 წუთი დაჰყო და 9 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. მანუჩარმა 7-დან 3 სამქულიანი ჩააგდო და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
საინტერესოა, რომ სტამბულელთაგან 8 და მეტი ქულა ერთბაშად 8 კალათბურთელმა მიითვალა, მოკლედ, მასპინძლები გუნდურად უზადოდ გაისარჯნენ.
“დარუშაფაკამ” 11 მოგება და 8 მარცხი მოაგროვა და 16-გუნდიან ლიგაში მე-5 ადგილზე გადაინაცვლა.
ახლა, თურქეთის ჩემპიონატში მცირე შესვენება გამოცხადდება, რაც სათასო ბატალიებთაა გამოწვეული. 17-21 თებერვალს თურქეთის თასის მატჩებს ბურსას სპორტის სასახლე უმასპინძლებს.
უკვე ცნობილია, რომ მეოთხედფინალში მარკოიშვილის კლუბი “ტრაბზონსპორს” ეთამაშება, გამარჯვების შემთხვევაში კი, “გალათასარაის” და “ბანვითს” შორის უმჯობესს გაეჯიბრება.