ვაკეში, მზიურის ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების უახლესი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი საჩოგბურთო ბაზის მშენებლობა იგეგმება. ორ დახურულ და ცხრა ღია კორტს კიდევ ჩოგბურთის ორი დახურული მოედანი დაემატება.
ინვესტორები ჩოგბურთის ფედერაციამ მოიძია და პროექტი მზიურის ტერიტორიაზე არსებული კორტების სრულ განახლებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში 8-10 მილიონ აშშ დოლარის ინვესტიციაზეა საუბარი. ტერიტორიაზე 100-120 ნომრიანი სპორტული ტიპის სასტურო აშენდება, რომლის მენეჯმენტსაც საერთაშორისო ოპერატორი განახორციელებს.
დასასვენებელი პარკი შესაბამისი ინფრასტრუქტურით მოეწყობა. აშენდება ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები და სარბენი ბილიკები, ორი საცურაო აუზი, სპა, სარეაბილიტაციო და სამკურნალო ცენტრი, ჯანსაღი კვების ობიექტი, ცნობილი სპორტული ბრენდის ექსკლუზიური მაღაზია. ასევე, ტერიტორიაზე ულტრათანამედროვე სტანდარტების ფიტნეს ცენტრიც აშენდება, რომელსაც ოპერირებას მსოფლიოში ცნობილი, საერთაშორისო ოპერატორი ჭორლდ ჩლასს გაუწევს.
ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ალექსანდრე მეტრეველის განცხადებით, სპორტის მინისტრს და მის პირველ მოადგილეს ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე შეხვდა და პროექტმა მათი მოწონება დაიმსახურა. მეტრეველის თქმით, მის განსახორციელებლად ფედერაციას სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს.
“ინვესტორთა ჯგუფი მზად არის, ჩოგბურთის ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებს საერთოდ უფასოდ დაუთმოს მოედნები. როდესაც საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია შეჯიბრს დაგეგმავს, იჯარაზე საუბარი არ იქნება. პროექტის მიმართ კეთილგანწყობაა სპორტის სამინისტროში. ეს ბიზნესჯგუფი მზად არის, ინვესტიციების განხორციელება, რაც შეიძლება დროულად დაიწყოს. პროექტი ქართული სპორტის აღორძინებისთვის ღირსეული ნაბიჯია და იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში, ეს საკითხი დადებითად გადაწყდება“, - განაცხადა ალექსანდრე მეტრეველმა.
www.ipn.ge