კალათბურთი

18:16 | 14.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

უშეცდომო შერმადინი

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-20 ტური თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩას" და გიორგი შერმადინის “მორაბანკ ანდორას” მატჩებით გაიხსნა.

შენგელია ისევ ტრავმირებულია და არც გასულ შეხვედრაში უთამაშია, რომელშიც ბასკურმა კლუბმა სტუმრად “რიო ნატურალ მონბუსს” 86:69 სძლია.

“ლაბორალ კუჩას” ადამ ჰანგამ (15), კიმ ტილიმ (14) და დავის ბერტანსმა (14) ულიდერეს. შედეგად, ველიმირ პერასოვიჩის მიერ დარიგებულმა გუნდმა 16 მოგება და 4 მარცხი მოაგროვა და მადრიდის “რეალთან” ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს.

9 მოგების წილ მე-11 მარცხი განიცადა შერმადინის კლუბმა, რომელიც ტენერიფეს “იბეროსტარს” დაუხვდა და მოულოდნელად დამარცხდა – 77:79.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი მოედანზე საუკეთესო იყო. შერმადინი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და არცერთი ტყორცნა არ გაუცუდებია.

გიორგიმ 4-ვე ორქულიანი და 7-ვე საჯარიმო ჩააგდო და 15 ქულას 2 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება წაამატა, ბურთი არ დაუკარგავს, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 25-ს უწია, რაც ორივე გუნდის რიგებში გამორჩეული მაჩვენებელი გახლდათ. ანდორელები მე-9 ადგილზე იყოფებიან, მომდევნო მატჩს კი, 28 თებერვალს სტუმრად “ბილბაო ბასკეტის” წინააღმდეგ ჩაატარებენ. ამავე დღეს, “ლაბორალ კუჩა” აუტსაიდერ “ესტუდიანტესს” უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114122