დღეს ზესტაფონში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების ინსპექტირების კომისია. ზემო იმერეთში სტუმრობის მიზანი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონსა და ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურისა და მინდვრის საფარის სადღეისო მდგომარეობის შეფასება იყო. ამ ინფორმაციას “ზესტაფონის” საიტი ავრცელებს.
სტუმრებმა (მამუკა კვარაცხელია – სტადიონების ინსპექტირების განყოფილების უფროსი და ინფრასტრუქტურის ექსპერტი, თამარ ასათიანი – სტადიონების ინსპექტირების კოორდინატორი და ინფრასტრუქტურის ექსპერტი, ლევან თოფურია – უსაფრთხოების და განმკარგულებლებლების სპეციალისტი, გია ისიანი – უსაფრთხოების ოფიცერი) ზესტაფონელთა საფეხბურთო ბაზისა და დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის მონახულებისა და ვითარების დეტალურად გაცნობის შემდეგ, შეადგინეს შესაბამისი დოკუმენტი. ამის მიხედვით მდგომარეობის შეფასებაც მოხდება...
ჩვენის მხრივ გეტყვით, რომ დიდი შანსია, სწორედ ზესტაფონში ჩაატაროს მატჩები თერჯოლის “საპოვნელამ”. ეს საკითხი მალე გაირკვევა.