ფეხბურთი

13:05 | 13.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვალკე ფეხბურთს 12 წლით ჩამოაშორეს

ფიფას ეთიკის კომიტეტის საარბიტრაჟო პალატამ ამავე ორგანიზაციის ყოფილ გენერალურ მდივანს ჟერომ ვალკეს ფეხბურთში საქმიანობა 12 წლით აუკრძალა. როგორც ფიფას ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა ვალკეს მიერ რეგლამენტის არაერთგზის დარღვევის ფაქტი და ის თავად მონაწილეობდა კორუფციულ გარიგებებში.

ფიფას აწ უკვე ყოფილი ჩინოვნიკის არაკანონიერი საქმიანობის შესახებ მოხსენება ეთიკის კომიტეტის საარბიტრაჟო პალატაში 5 იანვარს წარადგინეს და ახლა საქმე გახსნილად გამოცხადდა. ვალკეს ბრალი დასდეს ბილეთების გავრცელებისა და მარკეტინგის სფეროში არაკანონიერ ქმედებებში. გაირკვა, რომ ის თანამდებობრივ მდგომარეობას იყენებდა პირადი გამორჩენისა და თავისი ოჯახის წევრების სასარგებლოდ. ამავდროულად, ვალკე მიმდინარე გამოძიებისთვის ხელის შეშლას შეეცადა და ამ მიზნით მნიშვნელოვანი დოკუმენტები გაანადგურა. მთლიანობაში, ფრანგმა ჩინოვნიკმა ეთიკის კოდექსის შვიდი მუხლი დაარღვია.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციაში კორუფციული გარიგებების საქმის გამოძიების დაწყების შემდეგ ფეხბურთში საქმიანობა 8 წლით აეკრძალათ ფიფასა და უეფას აწ უკვე ექსპრეზიდენტებს, იოზეფ ბლატერს და მიშელ პლატინის.

0.10555