რაგბი

17:17 | 12.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

მორიგი იერიში ექვსი ერის კარზე
ვიდრე საქართველო ექვს ერში მიღებას ელის

ექვსი ერის მმართველები ტურნირის გაფართოებას, ან ფორმატის შეცვლას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან, მაგრამ რაგბიში მომუშავე ჟურნალისტთა, სპეციალისტთა და გულშემატკივართა დიდი ნაწილი ამ პრესტიჟული შეჯიბრების გაფართოებას ასევე კატეგორიულად მოითხოვს.

ავტორიტეტული ბრიტანული „დეილი ექსპრესის“ ცნობილმა ჟურნალისტმა ნილ სქირსმა ახლახან გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც „ბორჯღალოსნებს“ სრულ მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს - იტალიელებს დასამტკიცებელი აქვთ, უფრო მაღალ დონეზე თამაშს საქართველოზე მეტად რომ იმსახურებენო:

„უკვე 16 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც იტალია ხუთ ერს დაემატა, რათა ის ექვს ერად გადაკეთებულიყო, და დამდეგ უიქ-ენდზე რომში ჩასულთაგან ამ გადაწყვეტილებას ეჭვქვეშ არავინ დააყენებს. თუმცა, მოვიდა დრო, მექანიზმი კვლავ ამუშავდეს და ტურნირი შვიდ ერად გადაკეთდეს, რათა დიდ ევროპულ რაგბიში თბილისის კოორდინატებიც დამკვიდრდეს.

თუკი კარდიფი, პარიზი და რომი მომავალ უქმეებზე დიდი რაგბით დატკბებიან, იმ დღეებშივე ევროპის ერთა თასის მატჩებიც გაიმართება, ოღონდ რამდენადმე ნაკლები ზარ-ზეიმის ფონზე. საქართველოს ნაკრები, რომელიც პორტუგალიასთან შესახვედრად ემზადება, ბოლო ხუთი გათამაშების გამარჯვებულია, მაგრამ ზედა დონის სატურნირო ცხრილში მისი ადგილი ვერა და ვერ მოიძებნა.

თვითკმაყოფილი პატრიციები, რომლებიც თავისი მყუდრო და კომფორტული კლუბის კარს აკონტროლებენ, ანალოგიურად ექცეოდნენ იტალიას და მანამდე - საფრანგეთსაც. იტალიელები ამ კლუბის კარში საკმაო ხანს აკაკუნებდნენ და როცა მისი ხუთივე წევრის დამარცხებას დაეჩვივნენ (ადრე ამას უფრო ხშირად ახერხებდნენ, ვიდრე ახლა), კარიც გაიღო, თანაც რომში რეგულარული მოგზაურობის პერსპექტივა ძალზე მაცდურად მოჩანდა.

საქართველო, რომელმაც გასულ მსოფლიო თასზე იმდენივე თამაში მოიგო, რამდენიც ინგლისმა, ახლა ექვსი ერის დახურულ კარს ასკდება. ტონგასა და ნამიბიის წაქცევისა და კარდიფში „ოლ ბლექსის“ ღმერთობიდან ჩვეულებრივ მოკვდავებამდე დაქვეითებისთვის ქართველებს ჯილდოდ მხოლოდ ის ერგოთ, რომ შემოდგომაზე შოტლანდიასთან „მარიფილდზე“ ტესტ-მატჩს გამართავენ. ძალიან საინტერესოა, რა ექნებათ სათქმელი ექვსი ერის მამებს, თუ მამუკა გორგოძე და მისი გუნდი ამ თამაშის მოგებას მოახერხებენ.

ექვსი ერისთვის საქართველოს ნაკრების დამატება ამ ტურნირს ინტერესს შემატებს და მასახალ კულტურულ განზომილებაში გადაიყვანს. გარდა ამისა, გრაფიკიც უფრო სამართლიანი გახდება. შვიდი ერის გუნდებს ბალანსის დაცვა შეეძლებათ - შინ და გარეთ სამ-სამ თამაშს გამართავენ. შედეგად, შეიცვლება ამჟამინდელი მოუხერხებელი გრაფიკი. საჭირო იქნება მხოლოდ ერთი სატურნირო უიქ-ენდის დამატება და გუნდები 8 კვირაში 6-6 ტესტ-მატჩს ითამაშებენ, როგორც ეს რაგბი ჩემპიონშიპშია.

შეხედეთ, რას მიაღწია არგენტინამ, მსოფლიო თასის ნახევარფინალისტმა, მას შემდეგ, რაც სამხრეთ ნახევარსფეროს ტიტანებთან რეგულარული კონკურენციის საშუალება მიიღო, და მიხვდებით, სად იქნებოდა საქართველო, თუ მას ასეთივე შანსი მიეცემოდა. „ლელოებს“ ახალ „პუმებად“ ქცევა შეუძლიათ.

დუბლინში მომუშავე სკეპტიკოს ბუღალტრებს ალბათ აწუხებთ კითხვა: „რას შემატებს საქართველო ამ ტურნირს კომერციული თვალსაზრისით?“

თბილისში გამართულ ტესტებს უკვე ესწრება 30 ათასი მაყურებელი და წარმოგოდგენიათ, რა მოხდება, თუკი ამ ქალაქს უელსის ან ინგლისის დარი გუნდი ეწვევა? წესით, კალკულატორებიანმა ბიძიებმა ყურად უნდა იღონ ეს ციფრები.

ყოველივეს მივყავართ დონეებს შორის გუნდების მოძრაობის სისტემასთან. საქართველოს შემოშვებით კარი არ უნდა დაიხუროს სხვა თაობების გამორჩეულთათვის.

ექვსი ერის ბოლო 12 სეზონიდან 11-ში მე-6, ბოლო ადგილი იტალიამ ან შოტლანდიამ დაიკავეს. თუმცა, საწყის ეტაპზე გავარდნა და ასვლა ავტომატური არ უნდა იყოს. შვიდი ერის ბოლოადგილოსანი ერთა თასის გამარჯვებულს ადგილის შენარჩუნებისთვის უნდა შეერკინოს - ეს იქნება დიდი სტიმული, ვთქვათ, რუმინეთისთვის.

თუ „ხის კოვზის“ მფლობელი ტურნირს საქართველოზე დაბალ ადგილზე დაასრულებს და მერე გადათამაშებაში რუმინეთთან დამარცხდება, რა მორალური უფლება ექნება ამ გუნდს ევროპულ ელიტაში დარჩენისა?“

წყარო - www.worldrugby.ge

0.142696