კალათბურთი

22:25 | 9.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფორტუნამ ოლიმპს გაუღიმა

დღეს, კალათბურთში 25-ე ეროვნული ჩემპიონატის მესამე წრის პირველი ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში ერთმანეთს ასპარეზობის აუტსაიდერი "აკადემია" და მეშვიდე ადგილზე მყოფი "ოლიმპი" დაუპირისპირდნენ.

სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, მეტოქეები უმაღლესი ლიგიდან გავარდნის საშიშროების წინაშე იმყოფებოდნენ, ამდენად, მაყურებელი დაძაბული მატჩის მოლოდინში იყო. ასეც მოხდა. თამაშის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. "ოლიმპმა" 76:74 გაიმარჯვა და უაღრესად მნიშვნელოვანი 2 ქულა მოიპოვა.

შეხვედრა "ოლიმპის" უპირატესობით დაიწყო და პირველი მეოთხედი ამ გუნდის გამარჯვებით (17:14) დასრულდა. მეორე ტაიმში უპირატესობას "აკადემია" დაეუფლა და გელა წულაძის შეგირდებმა წინ გასვლა მოახერხეს. იყო მომენტი, როდესაც "აკადემია" 9 ქულის სხვაობითაც კი იგებდა...

ოლიმპელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი წაგებას არ შეურიგდნენ, რამდენჯერმე ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს, ძირითადი დროის დასრულებამდე 2 წუთით ადრე კი ანგარიში გაათანაბრეს - 70:70. დარჩენილმა დრომ გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა. თამაშიდან გამომდინარე, გამარჯვებას ორივე გუნდი იმსახურებდა, მაგრამ ამჯერად ფორტუნამ "ოლიმპს" გაუღიმა.

მატჩში ყველაზე მეტი - 22 ქულა "აკადემიას" უკანახაზელმა ჩარლზ სთროუბრიჟმა დააგროვა. მისი თანაგუნდელებიდან ორმაგი დუბლი მძიმე ფორვარდმა მაურისიო ბრიგსმა (18 ქულა და 17 მოხსნა) შეასრულა. "ოლიმპის" მხრიდან 18-18 ქულით ყველაზე შედეგიანები ლაშა ფარღალავა, ჯერემი ბაინუმი და ლესლი სმიტი იყვნენ. ამ უკანასკნელმა ქულებს 12 მოხსნა შემატა და ორმაგი დუბლი შეასრულა.

აკადემია - ოლიმპი 74:76 (14:17, 13:13, 27:17, 20:29)

0.103306