ფეხბურთი

22:43 | 8.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“დილა”-“მლადოსტის” მატჩი ჩაიშალა

ამხანაგური მატჩი გორის “დილასა“ და მონტენეგროს “მლადოსტ პოდგორიცას“ შორის 84-ე წუთზე შეწყდა, როდესაც მეტოქე 1:0-ს იგებდა. ქართული კლუბის პრეს-სამსახურის ცნობით, აღნიშნულის მიზეზი პოდგორიცელთა ზღვარგადასული უხეშობა გახდა.

შეხვედრის პირველი წუთები „დილას“ უპირატესობით წარიმართა, თუმცა რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე არ მისულა. პირველი ნახევრის შუაში, მოწინააღმდეგემ თამაში გაათანაბრა და 32-ე წუთზე ერთ-ერთი კონტრშეტევის დროს გოლის გატანაც მოახერხა.

ამის შემდეგ „დილა“ კვლავ გააქტიურდა. 42-ე წუთზე არბიტრი ვალდებული იყო თერთმეტმეტრიანი დაენიშნა მეტოქის კარში, როდესაც ოთარ მარცვალაძე მეკარესთან პირისპირ გადიოდა და მონტენეგროს გუნდის ფეხბურთელმა წააქცია. ეს სადავო ეპიზოდიც და შემდეგშიც მიღებული გადაწყვეტილებები დიდ ეჭვს იწვევდა. შეხვედრის არბიტრი ხშირ შემთხვევაში ცდებოდა და უნდა ითქვას, რომ მას თამაშის სადავეები ხელიდან გაექცა.

მეორე ნახევრის დასაწყისში და მსვლელობის დროს უჩა სოსიაშვილმა ცვლილებებს მიმართა. მალევე „დილამ“ მეტოქის კარზე ზეწოლა გააძლიერა. ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდის დროს, გუგა ფალავანდიშვილი მარჯვენა ფრთიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და კარის ხაზთან გააკეთა გადაცემა, თუმცა თანაგუნდელებიდან არავინ გამოეხმაურა.

ამის შემდეგ გორელები კვლავ განაგრძობდნენ შეტევებს, ხოლო მოწინააღმდეგის მხრიდან ხშირ შემთხვევაში უხეშობას ჰქონდა ადგილი. თამაში რამოდენიმეჯერ შეჩერდა კიდევაც. მე-80 წუთზე არბიტრმა მონტენეგროს ფეხბურთელი გააძევა მოედნიდან, თუმცა მსაჯს ეს მანამდეც შეეძლო რამოდენიმეჯერ გაეკეთებინა. 84-ე წუთზე კი მეტოქის მხრიდან მორიგი უხეშობის შემდეგ, თამაშის გაგრძელება შეუძლებელი გახდა.

საბედნიეროდ, ამ უხეშობის შედეგად „დილას“ ფეხბურთელებს სერიოზული ტრავმა არ მიუღიათ. განვლილ შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღო ალექსანდრე კვახაძემ, რომელსაც ვირუსი აქვს. მიკროტრავმის გამო ვერ ითამაშა საბაძემ. უფრო მძიმე დაზიანებები აქვთ ღონღაძეს და თომაშვილს.

„დილამ“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: მუჯრიშვილი, ბაგაევი (კვირკველია, 62), ქარქუზაშვილი, სამხარაძე, ლომიძე (ხურცილავა, 62), წიქარიძე (მაშუკოვი, 60), ფალავანდიშვილი, ნონიკაშვილი (ერისთავი, 46), ახალკაცი (კვირკვია, 46), მარცვალაძე (მოდებაძე, 60), ჩელებაძე (ძარია, 46).

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი მორიგ ამხანაგურ მატჩს 9 თებერვალს თბილისის დროით 19:30 საათიდან სერბეთის „იაგოდინას“ წინააღმდეგ გამართავს.

0.137905