კალათბურთი

22:40 | 7.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის 17 ქულა ბარსელონაში

გიორგი შერმადინის “ანდორა მორაბანკმა” ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ “ბარსელონასთან” გასვლითი შეხვედრა 79:84 წააგო, საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი კი მოედანზე გამორჩეული ფიგურა იყო.

შერმადინი სტუმართა სასტარტო ხუთეულში იყო და 22:57 წუთში 17 ქულა და 6 მოხსნა (2 შეტევაში) მიითვალა. გიორგიმ 10-დან 6 ორქულიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 18-ს უწია, რითაც ის ბეტინიო გომესთან (13 ქულა, 7 მოხსნა, 5 ჩაჭრა) საუკეთესო იყო.

ისიც ვთქვათ, რომ შერმადინს ანტე ტომიჩის და შეინ ლავალის წინააღმდეგ უწევდა თამაში და ორივეს დაჩაგვრა მოახერხა. ხორვატმა ცენტრმა 14:38 წუთში 6 ქულა ჩააგდო, ნიგერიული ფესვების მქონე ამერიკელმა კი – 4. მასპინძელთა რიგებში 17-17 ქულით საუკეთესონი ესპანელი პაუ რიბასი და ბერძენი სტრატოს პერპეროღლუ იყვნენ.

“მორაბანკ ანდორამ” 9 მოგების წილ მე-10 მარცხი განიცადა და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილამდე დაქვეითდა. შერმადინის კლუბი მომდევნო მატჩს 13 თებერვალს, შინ, “იბეროსტარ ტენერიფეს” წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.169658