დონეცკის “შახტარის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ალექს ტეიშეირა ამიერიდან კარიერას ჩინურ “ცზიანსუ საინტში” გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია დონბასური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. როგორც “შახტარის” საიტი გვამცნობს, 26 შემტევის სანაცვლოდ “მეშახტეებმა” 50 მილიონი ევრო მიიღეს.
ტეიშეირა დონეცკში 2009 წლიდან მოყოლებული თამაშობდა და მას შემდგომ გუნდის მაისურით ჯამში 223 ჩატარებულ მატჩში 89 გოლის გატანა შეძლო. აღსანიშნავია, რომ უკრაინის ჩემპიონატის ბომბარდირს ევროპული კლუბების რიგი ედგა და განსაკუთრებით ინგლისურ “ლივერპულთან” აკავშირებდნენ, მაგრამ სამხრეთამერიკელმა აზიაში გადაბარგება ამჯობინა.
ისიც ვთქვათ, რომ ბრაზილიელი ქართველი გიორგი არაბიძის პოზიციაზე ირჯებოდა და ვინ იცის, ახლა 17 წლის გიორგის “შახტარში” სათამაშო დრო კიდევ უფრო გაეზარდოს...