ხიხონის “სპორტინგის” პარაგვაელი თავდამსხმელი ანტონიო სანაბრია შესანიშნავ სეზონს ატარებს. 19 წლის შემტევს მიმდინარე სეზონში ესპანეთის ლა ლიგაში აქამდე ჩატარებულ 15 შეხვედრაში (1135 წუთი) 10 გოლი აქვს გატანილი და ამ მაჩვენებლით ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის 21-წლამდე ასაკის ფეხბურთელებში საუკეთესო ბომბარდირია. ამასთან, ტონი ლიონელ მესისა და სერხიო აგუეროს შემდეგ მესამე ფეხბურთელია პრიმერადივიზიონის ისტორიაში, რომელმაც სეზონში 10 გოლის გატანა 20 წლის ასაკამდე მოახერხა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ორ ტურში სანაბრიამ თავი 4-ჯერ გამოიჩინა: “სპორტინგმა” ბოლო ტურში “ვალენსიას” მისი გოლით მოუგო, ხოლო ერთი კვირით ადრე პარაგვაელმა თინეიჯერმა სან სებასტიანის “რეალ სოსიედადთან” სამი გოლი გაიტანა. ისიც სათქმელია, რომ სამხრეთამერიკელს წლეულს ჰეთ-თრიქი ორჯერ აქვს შესრულებული – “სოსიედადის” გარდა ერთ მატჩში სამი გოლი “ლას პალმასს” გაუტანა, გასული წლის 6 დეკემბერს. პირველი გოლები კი 20 სექტემბერს, ლა კორუნიაში, “დეპორტივოსთან” (3:2) მიითვალა, როცა დუბლი შეასრულა.
ანტონიო სანაბრია “სპორტინგში” იჯარის წესით თამაშობს და ისე, იტალიური “რომას” საკუთრებაა. გასულ სეზონში ტონიმ “ჯალოროსის” ღირსება ორ მატჩში დაიცა.