თურქული შეკრების მე-2 საკონტროლო მატჩში ბელეკის "კაია არენაზე" "ტორპედოს" მეტოქე ჩეხური სინოტ (უმაღლესი) ლიგის მე-11 ადგილოსანი, თანაქალაქელი "სპარტას" შემდეგ ქვეყანაში ყველაზე სახელოვანი, 11-გზის ჩემპიონი და 8-გზის თასის მფლობელი პრაღის "დუკლა" იყო.
თავიდანვე ვიტყვით, რომ მატჩის მთელი სათამაშო დრო, ფაქტობრივად, თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. ტორპედოელები დინჯად, ორგანიზებულად მოქმედებდნენ და არაფერში უდებდნენ ტოლს მეტოქეს, ვისაც თავის რიგებში, ფრანგი, ესპანელი, კონგოელი და ლატვიელი ლეგიონერები ჰყავს.
შეხვედრის დებიუტში გუნდებმა სახიფათო მომენტები გაცვალეს. ალბიაკის მიერ ტორპედოელთა საჯარიმოში შორიდან ჩაკიდებული ბურთი მოულოდნელად ხარიხას მოხვდა. მალევე შეტევაში ჩართული ვაჟა ტაბატაძე მარჯვენა ფრთიდან მიუახლოვდა ჩეხთა საჯარიმოს და ძლიერად დაარტყა კარში – ბურთი მცველს მოხვდა და კუთხურზე გადავარდა.
პირველ ტაიმის შუაწელს ტარიელ ხაინდრავამ ზედიზედ ორჯერ იხსნა საკუთარი კარი. 43-ე წუთზე გოლს "დუკლაც" გადაურჩა. ბექა ტუღუშის მიერ საჯარიმოდან ძლიერად გასროლილი ბურთი სანტიმეტრებში გადაცდა ხარიხას.
მე-2 ტაიმის დასაწყისში პრაღელებმა იაქტიურეს და ორჯერ კინაღამ გაიტანეს. "დუკლას" კონგოელმა ფორვარდმა მენზიამ ძელს გაარტყა ბურთი, მერე კი ხაინდრავამ იყოჩაღა, იმავე მენზიას ახლო მანძილიდან დარტყმული უკუაგდო. მაგრამ "ტორპედო" ვალში არ დარჩენილა. 65-ე წუთზე ლაშა შინდაგორიძემ, რომელიც, სხვათა შორის შარშან სწორედ "დუკლაში" ისინჯებოდა, სახიფათოდ შეასრული საჯარიმო დარტყმა, მაგრამ მეკარემ აუღო. მცირე ხანში ლაშა ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა, დაარტყა კიდეც, მაგრამ ჩარჩოს ააცილა. 81-ე წუთზე შალვა ფურცხვანიძემ დაარტყა საშუალო მანძილიდან, კიპერმა ძლივს მოიგერია ბურთი.
შემდეგ დავიდ ტეტოურმა შინდაგორიძის დარტყმული ახლოს მოიგერია, გადმოვარდნილთან იმ წამსვე თორნიკე კაპანაძე გაჩნდა და ბურთს ბადეში უთავაზა. სამწუხაროდ, გოლი არ ჩაითვალა. არბიტრმა მეტად საეჭვო თამაშგარე დააფიქსირა.
ამ მატჩის ლოგიკური შედეგი მაინც ფრე უნდა ყოფილიყო, მაგრამ საფინალო სასტვენამდე 6 წუთით ადრე, ტორპედოელებმა საჯარიმოს გარედან იაკუბ პოვაჟანეცს დაარტყმევინეს და ეს შეცდომა საბედისწერო გამოდგა.
მიუხედავად მარცხისა, ალექსანდრ შტელინმა ბიჭები შეაქო და თავდადებული თამაშისათვის მადლობა გადაუხადა.
1 თებერვალი. ბელეკი. "კაია არენა". საკონტროლო მატჩი
"ტორპედო" ქუთაისი - "დუკლა" პრაღა 0:1 (0:0)
"ტორპედო": ხაინდრავა ქიმაძე (ნაცვლიშვილი, 60), ტაბატაძე (კვარაცხელია, 60), მირცხულავა (ჭიჭინაძე, 60), ნერგაძე (ნიკონოვი, 60), კლიმიაშვილი (კვერნაძე, 60), ბაბუნაშვილი (კ), ტუღუში (ფურცხვანიძე, 46), შინდაგორიძე, წილოსანი (ფანცხავა, 46), საღრიშვილი (კაპანაძე, 58).
მწვრთნელი: ალექსანდრ შტელინი.
"დუკლა": ხროშო (დავიდ ტეტოური, 46), გორკში (სტელინა, 46), იუროშკა, სმეიკალი (პრეისლერი, 46), განოუსეკი (კ), კოვალი (ვაშიჩეკი, 74), დანიელ ტეტოური (ბერგერი, 62), მენზია, მარეში, ალბიაკი (ჩაიჩი, 62), ბეგუელი, 74)
მწვრთნელი: ლიუბოშ კოზელი.
გოლი: პოვაჟანეცი (84).
მსაჯები: ბაქი იითი, ფერათ უმრაქი, ახმედ გოქანბალი, ვენე თურქმენი (ოთხივე – თურქეთი).