თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩამ” ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მოულოდნელი მარცხი განიცადა. ბასკური კლუბი “მურსიას” სტუმრობდა და უკანასკნელ მეოთხედში მხოლოდ 8 ქულა ჩააგდო, შედეგად კი, 66:68 წააგო.
შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და 19:39 წუთში 10 ქულა, 8 მოხსნა (3 შეტევაში) და 1 დაფარება მოაგროვა. თორნიკემ 3-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
სტუმართა რიგებში 10-ქულიან ზღვარს მხოლოდ დარიუს ადამსი (14) და იანის ბურუსისი (13) ასცდნენ, თუმცა, სარგებლიანობის კოეფიციენტის (14) მიხედვით, ქართველი სტუმართა რიგებში საუკეთესო იყო.
“ლაბორალ კუჩამ” 14 მოგების წილ მე-4 მარცხი განიცადა და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილამდე დაქვეითდა. შენგელიას კლუბი მომდევნო შეხვედრას 7 თებერვალს, შინ, ერთპიროვნულ ლიდერ “ვალენსიასთან” გამართავს.