ლევან შენგელიამ ბელგიის მეორე დივიზიონის 23-ე ტურში თავი შესანიშნავი გოლით გამოიჩინა და "ტუბიცეს" ქულაც მოუტანა. 20 წლის ქართველი შემტევის გუნდი სტუმრად "ლომელთან" შეხვედრაში 38-ე წუთიდან მარცხდებოდა, 83-ე წუთზე კი შენგელიამ ეფექტური დარტყმით აღადგინა წონასწორობა -1:1. ეს ლევანის პირველი გოლია ბელგიის ჩემპიონატში ჩატარებულ მე-15 მატჩში. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატმა "ტუბიცეს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეცვალეს.
"ტუბიცე" ბელგიის მეორე ლიგაში 40 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება, მდევრებს ორი ქულით უსწრებს, ლიდერ "ანტვერპენს" კი, რომელსაც ამ ტურის მატჩი მარაგში აქვს, 5 ქულით ჩამორჩება.
ლევან შენგელია ბელგიურ კლუბში გასულ ზაფხულს ფოთის "კოლხეთიდან" გადავიდა.